თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანული საპარლამენტო ფორმატის დებატების შესახებ ტრენინგი გაიმართა.
მომხსენებელი თაკო ჩილინგარაშვილი იყო. მან დებატების პრინციპებზე ისაუბრა და მათი მნიშვნელობა განმარტა. აგრეთვე, ტრენერი შეეხო სხვადასხვა სტილის დებატებს და მათ მსგავსება– განსხვავებაზე გააკეთა აქცენტი. შეხვედრა ინტერაქციული რეჟიმით წარიმართა. დასასრულ, სტუმრებმა დებატების მოდელირება მოაწყვეს.
ტრენერმა ჩვენთან საუბარში დღევანდელი დღე შეაფასა: "ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება მაქვს. არაერთხელ ჩამიტარებია ეს ტრენინგი. ახლაც შევეცადე, ცოდნა დაინტერესებული სტუდენტებისთვის გამეზიარებინა. ბრიტანული საპარლამენტო ფორმატის დებატები გაცილებით უფრო სიანტერესოა, ვიდრე კარლ პოპერის სტილის. საერთო ჯამში, დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, სტუდენტებმაც საინტერესოდ გაატარეს დრო".
ტრენინგი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებატკლუბის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ მის პრეზიდენტს, ტატო ირემაძეს, ვესაუბრეთ:
"ჩვენი კლუბი 1 წლის წინ დაარსდა. თსუ-ში ერთადერთი კლუბი ვართ, რომელიც მსგავსი ტიპის ტრენინგებს აწყობს. აგრეთვე, ხშირად ვატარებთ საჯარო გამოსვლის ჩემპიონატებსა და მოდელირებებს. რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრას, გვიხალოვდება დებატების ტურნირი უნივერსიტეტებს შორის, რომელსაც თბილისის მერია აწყობს. ეს არის ერთგვარი წავარჯიშება მონაწილეობის მსურველებითვის".
ტრენინგს 30–მდე სტუდენტი ესწრებოდა. ერთ–ერთმა მათგანმა ანა გელაშვილმა თავისი მოსაზრება გაგვიზიარა: "ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დებატკლუბის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტოლოგებს, ფსიქოლოგებსა და განსაკუთრებით ჟურნალისტებს ორატორული უნარების განვითარება ძალიან სჭირდებათ. აგრეთვე, დებატები ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას. ასე რომ, კლუბის ფუნქციონირებას დადებითად ვაფასებ. დღევანდელი ტრენინგიც ერთ–ერთი საინტერესო ღონისძიება იყო".