,,კავკასიურმა ლიგამ" და სტუდენტურმა საქველმოქმედო მოძრაობამ ჩაატარა პოეზიის საღამო: ,,სიკეთისფერი".
საღამო გაიმართა მარიამ შუკაკიძის დასახმარებლად. 2010 წლის 14 ივნისს მარიამს მანქანა დაეჯახა, თვეების განმავლობაში აპარატზე იყო შეერთებული, ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, სამწუხაროდ, მისი ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ ხერხდება, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მას აფინანსებდა პიროვნება, ვინც მანქანით დაეჯახა. ამ დროისათვის მას აღარავინ ეხმარება. მარიამს არ შეუძლია დახმარების გარეშე გადაადგილება, უჭირს ლაპარაკი, ვერ ამოძრავებს მარჯვენა ხელსა და ფეხს, ესაჭიროება ოპერაცია და მასაჟები. ოჯახს არა აქვს არანაირი შემოსავალი, გარდა პენსიისა და სოციალური დახმარებისა.
მარიამის დასახმარებლად გაერთიანდნენ ახალგაზრდა პოეტები: ბაკურ გაბუნია, გიორგი წერეთელი, თემო ადეიშვილი, მარიამ ჩარგაზია, გიო დვალიშვილი, გიორგი კირიელი, ანანო გოგოლაძე, ლაშა დანელია, რეზი ჩიტაური, ნოდარ ქინქლაძე, გურამ თოდაძე და სხვა.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მოსწავლეები.
,,სიკეთე - ეს არის სულის ამოძახილი, რაც გვიბიძგებს, ხელი ჩავჭიდოთ ჩვენს ირგვლივმყოფთ და შევკრათ ჯაჭვი, რომელიც დღითიდღე უფრო მტკიცე გახდება, თითოეული ჩვენგანი გვერდში უნდა ამოუდგეს მარიამს, მსგავსი საღამოები უზრუნველყოფს საზოგადოებაში ქველმოქმედებისა და მეტი პასუხისმგებლობის გაღვივებას" - აღნიშნა სტუდენტმა ანა სიდამონიძემ.