საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა კავშირ ,,ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" ბენეფიციარებს.
კავშირის ბაზაზე შექმნილია 8 სოციალური საწარმო, რომლებშიც დასაქმებულია 55 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოადგინეს სანთლისა და მეორადი ქაღალდის ხელნაკეთ ნივთები, ნახატები და სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი პროდუქცია.
,,იმით, რომ ჩვენს პროდუქციას იძენთ, თქვენ გვიკავშირდებით ჩვენ: ჩვენი უნარებით შექმნილი ნივთებით ჩვენ შორის ებმება ურთიერთობის უხილავი ძაფი. როდესაც დაანთებთ ჩვენ მიერ ჩამოსხმულ სანთელს, გადაშლით წიგნსა თუ რვეულს, ისარგებლებთ ჩვენ მიერ დამზადებული ხისა თუ ნაქსოვი ნივთით, იფიქრეთ მათზე, როგორც ჩვენ შორის გადებულ ხიდზე, როგორც მაცნეზე, რომელიც ერთმანეთის არსებობას გვამცნობს, გვაკავშირებს და გვიამბობს ერთმანეთზე: ჩვენ-თქვენს საჭიროებებზე, თქვენ - ჩვენს უნარებზე" - წერენ პროდუქციის კატალოგში.
სოციალური თერაპიის სახლსა და ქაღალდების სახელოსნოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები და ზრდასრულები ჩართულნი არიან შრომით, მხატვრულ-თერაპიულ და კულტურულ საქმიანობებში, რომლებიც დროში რიტმულად არიან გადანაწილებულნი.
შრომის პროცესი სახელოსნოების წევრების თავისებურებების გათვალისწინებით ისე არის მოწყობილი, რომ შესაძლებელი გახდეს მათი სრულფასოვანი მონაწილეობა ერთობლივ საქმიანობაში. აქ ისინი თანამშრომლები არიან. სახელოსნოს ხელმძღვანელები და დამხმარეები მათთან ერთად მუშაობენ.
,,მსგავსი ღონისძიებები იმართება წელიწადში ორჯერ: სააღდგომოდ და საშობაოდ, ჩვენ გვსტუმრობენ სხვადასხვა ორგანიზაციიდან. მათი ყურადღება ძალიან გვახარებს, გვინდა მეტი ახალგაზრდა და სტუდენტი ჩაერთონ ამ სახის ღონისძიებებში" - აღნიშნა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.