დასაქმების ფორუმი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში
26 მარტი, 2015
დასაქმების ფორუმი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება უკვე მეოთხედ ტარდება.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ქართული და უცხოური კომპანიები. სტუდენტებს შეეძლოთ, პირისპირ გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, მოესმინათ მათი მოთხოვნები და პირობები. აგრეთვე, ყველა სტუდენტს საშუალება ჰქონდა, დარეგისტრირებულიყო დასაქმების მსურველთა ბაზაში, რაც სამომავლოდ გაუადვილებს მათ კონკრეტულ კომპანიასთან კომუნიკაციას. 

ფორუმში დაახლოებით 70–მდე კომპანია მონაწილეობდა. ჩვენ რამდენიმე მათგანის წარმომადგენელს ვესაუბრეთ:
"ჩვენი კომპანია ძალიან ხშირად იღებს მსგავს ფორუმებში მონაწილეობას გამომდინარე იქიდან, რომ ვეძებთ პერსპექტიულ სტუდენტებს. ძირითადად, ტექნიკური მიმართულების სტუდენტებს ვეძებთ და, ალბათ, გაგიკვირდებათ, რატომ ვმონაწილეობთ დღევანდელ ფორუმში. არცერთ უნივერსიტეტს არ აქვს წყალმომარაგების შემსწავლელი სპეციალობა. მაგრამ არსებობს საინჟინრო, საზეინკლო და სხვა პროგრამები, რომლებიც ამ დარგთან ძალიან ახლოს დგას. აგრარული უნივერსიტეტი კი კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ. გვაქვს ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც "აისო" ხარისხის მატარებელია და ერთ–ერთი საუკეთესოა. აქ მოხვედრა ყველა სტუდენტს სურს" – თქვა "GWP"-ის წარმომადგენელმა სოფო ბუტიკაშვილმა.

"თავისუფალი უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში უკვე მეორედ ვმონაწილეობთ. მოხარულები ვართ ამ წამოწყებით, რადგან არის ძალიან მარტივი საშუალება, სტუდენტების მონაცემები მივიღოთ. ეს არის ერთგვარი ტრამპლინი მათთვის, ვისაც გამოცდილება არ აქვს, მოვიდნენ ჩვენთან და მიიღონ პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნაც. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს მათ კარიერულ წინსვლაში. ამ ეტაპზე გვაქვს ვაკანსიები ადმინისტრაციულ პოზიციებზე. როგორც წესი, სტაჟირებით ვიწყებთ, რათა ამ პერიოდში საჭირო უნარები განივითარონ. ძირითად სამიზნე ჯგუფს ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტები წარმოადგენენ" – გვითხრა "BDO"–ს HR–ის მენეჯერმა სალომე ჟორჟოლიანმა.

"თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ფორუმში უკვე მეოთხედ ვმონაწილეობთ. ყოველ ჯერზე უფრო მეტ და განსხვავებულ ვაკანსიებს ვთავაზობთ. ამჟამად ვაკანსიები გვაქვს ფინანსურ,რისკებისა და კორპორაციულ დეპარტამენტებში. ამ უნივერსიტეტების სტუდენტები წარმატებული თანამშრომლები არიან. ძირითადად, მე–3 ან მე–4 კურსელებს ვეძებთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "თიბისი" ბანკი საუკეთესო დამსაქმებლების სამეულში მოვხვდით" – აღნიშნა ნინო სარალიძემ, "თიბისი" ბანკის შერჩევის ჯგუფის უფროსმა.

ფორუმი კარიერული განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ მის მენეჯერს ვესაუბრეთ:
"2012 წლიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, უკვე ტრადიციად იქცა დასაქმების ფორუმის გამართვა შემოდგომასა და გაზაფხულზე. ღონისძიების წარმატებას განსაზღვრავს ისიც, რომ ყოველ ფორუმში უფრო და უფრო მეტი კომპანია მონაწილეობს. აგრეთვე, იზრდება ჩვენი სტუდენტების აქტიურობაც. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, შეუთავსონ სწავლა და მუშაობა, რადგანაც ლექციები, ძირითადად, დილის საათებშია. თუმცა, ბოლო კურსზე შედარებით მოქნილი გრაფიკი აქვთ. გარდა ამისა, დამსაქმებლები ითვალისწინებენ სტუდენტის მდგომარეობას და ცდილობენ, ინდივიდუალური გრაფიკი შეუდგინონ" – გვითხრა ნატა ბიჭკინაშვილმა.

ფორუმმა სტუდენტების არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. როგორც ერთ–ერთმა მათგანმა ანა კობახიძემ გვითხრა, იგი ძალიან კმაყოფილია:
"წინა ფორუმსაც ვადევნებდი თვალს. რაღაც ბლანკები შევავსე და მალავე გასაუბრებაზე დამიბარეს. საბოლოოდ, სტაჟირება გავიარე და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. ამჟამად ვეძებ ისეთ სამუშაოს, რომელიც ანაზღაურებადი იქნება".

განსხვავებული მოსაზრება აქვს სტუდენტ დათო ცეცხლაძეს:
"რატომ შემოვედი? ვიფიქრე, კალმებს მაინც შევაგროვებ–მეთქი. დასაქმებას რაც შეეხება, სკეპტიკურად ვუყურებ. პირველი - იმის გამო, რომ, ძირითადად, სრულგანაკვეთიან ვაკანსიებს გვთავაზობენ. ანდა ნახევარ განაკვეთზე 6 თვეს უმოწყალოდ უნდა გაწვალონ. ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია" – გვითხრა მან.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary