საპატრიარქოს ახალგაზრდული სულიერი განვითარების ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის, ბელა ლობჟანიძის ნახატების გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე შესაძლებელი იყო ნახატების შეძენა. შემოსული თანხით ჯგუფ ,,ბანის" წევრ გიგო ნიკოლაძეს გაუწევენ დახმარებას, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
გამოფენა მწერალმა ჯარჯი შუქიაურმა გახსნა: ,,დრო ადამიანებზე უკეთ ამბობს სათქმელს, ბელა არამარტო თვითნასწავლი, არამედ გენიალური ნახატების ავტორია. საჭიროა, ნახატებს ჩავწვდეთ, მის ნაშრომებში ჭარბობს რთული და ღრმა სასულიერო თემატიკა, ვგეგმავთ ბელას ნახატების არტ გალერეაში გადატანას, სადაც მეტი სივრცე იქნება. ეს ნახატები იმსახურებს ფართო პუბლიკას. როცა მხატვარი თავის ნამუშევრებს ყიდის, ეს უდიდესი სიქველეა, რამეთუ იწყვეტ სულის ძაფს და სრულიად უანგაროდ ეხმარები სხვას".
"ვხედავთ დიდებულ ნახატებს, რომელიც თვითნასწავლი მხატვრის ხელით არის შექმნილი, ნახატები თითქოს ლაპარაკობენ, ყოველი სურათი მეტყველია. სიდიადით, გამომეტყველებითა და აზროვნებით საოცარია, ყოველი შეხედვისას რაღაც ახლის ამოკითხვას ვცდილობთ, სიუჟეტები, რომლებიც სურათებზეა გამოხატული, უდიდეს შრომასა და დროს, უპირველესად ნიჭს მოითხოვს" - აღნიშნა ჟურნალისტმა ოთარ ლობჟანიძემ.
გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ახალგაზრდა მწერლები: ჯარჯი შუქიაური, ქეთევან ნათელაძე, შორენა ალაზნისპირელი, დეკა ნაყეური და ეკატერინე ბაზერაშვილი.