მრავალფეროვანი სამყარო ერთ სივრცეში
27 მარტი, 2015
მრავალფეროვანი სამყარო ერთ სივრცეში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიური სახლის მხარდაჭერით, "კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა" და "მასტერფის საქართველოს" თანამშრომლობით ინტერკულტურული საღამო მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში ქართველმა, შრი-ლანკელმა, ერაყელმა და ინდოელმა ახალგაზრდებმა თავიანთი ქვეყნების კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ფოლკლორი წარმოადგინეს, რის შემდეგაც აღნიშნული ქვეყნების კულინარიული კერძები დააგემოვნეს.

ეროვნული კულტურის წარდგენა ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა სტუდენტებმა დაიწყეს. ფილმ "მანდარინების" საუნდტრეკის ფონზე შექმნილი საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების ამსახველი ალბომის ჩვენება გაიმართა: ყაზბეგის, უშგულის, ანაკლიისა და ქართული ტაძრების ხედებით. უცხოელი თანატოლებისთვის ქართველებმა შეასრულეს ხალხური სიმღერები: "მრავალჟამიერი" და "ჩაკრულო", ასევე ქართული ცეკვა. ახალგაზრდების "მხედრულმა" მაყურებელში აპლოდისმენტები დაიმსახურა. 

ქართული ჰანგების შემდეგ მაყურებელს თავისი ქვეყანა საინტერესოდ წარუდგინეს ერაყელმა სტუდენტებმა, რომლებმაც ისაუბრეს მათი ეროვნული ნიშნების სიმბოლიკაზე, ისტორიასა და გამოჩენილ ადამიანებზე. მათ ხაზგასმით ისაუბრეს ერაყელთა კულტურის ორ ღირსშესანიშნავ ძეგლზე, ბაბილონის გოდოლსა და "ჰამურაბის კანონებზე", როგორც მსოფლიო სამართლის უმნივნელოვანეს დოკუმენტზე. 

განსაკუთრებული ინტერესით დარბაზში შეკრებილი მაყურებელი ინდური კულტურის წარდგენას ელოდა. სტუდენტებმა ინდოეთიდან მოკლედ გადმოსცეს მათი ქვეყნის ისტორია, კულტურა, მსოფლიოში ცნობილი იოგას ტრადიციები, გაიხსენეს ცნობილი პიროვნებები, რომელთა სახელებიც ყველასთვის კარგად ნაცნობია: მაჰათმა განდი და დედა ტერეზა. პრეზენტაცია სახელწოდებით "Incridible India" დასრულდა ახალგაზრდების ცეკვით.

აზიური კულტურის გაცნობა გაგრძელდა ვირტუალური მოგზაურობით შრი-ლანკაზე. მათი ქვეყანა საკმაოდ მიმზიდველად წარმოაჩინეს სტუდენტებმა, რომლებმაც ისაუბრეს ეროვნულ რელიგიაზე, ცნობილ ქალაქებზე, კუნძულზე გავრცელებულ გამოქვაბულების მხატვრობასა და ასევე იმ ცნობილ მცენარეულ კულტურებზე, რომლებიც შრი-ლანკამ გააცნო მსოფლიოს. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, ცეიოლონის ჩაი ნამდვილად არის მათი სავიზიტო ბარათი, ასევე ყავის გავრცელებაც მსოფლიოში ამ ეგზოტიკური კუნძულიდან დაიწყო. ბოლოს მაყურებელმა კიდევ ერთი აზიური ცეკვა იხილა, ამჯერად შრი-ლანკელი გოგონების შესრულებით. 

"კავკასიის ახალგაზრდული კავშირის" საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლევან გორგაძის თქმით: "ორგანიზაცია სულ 2 წელია რაც არსებობს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობის მშენებლობა, დემოკრატიული პრინციპების დამყარება, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ვუთმობთ უცხოელი სტუდენტების საქართველოში ინტეგრაციას. ამ საკითხზე ვაწყობთ მრგვალ მაგიდებს, დისკუსიებს. დღევანდელი საღამოც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მათი წარმატებული ინტეგრაციის გზაზე. დღეს 4 ქვეყნის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს გააცნეს, გაუზიარეს მნიშვნელოვანი ეროვნული დეტალები, მსგავსი ღონისძიებები სასარგებლო და საინტერესოა იმ მხრივ, რომ ახალგაზრდები გააცნობიერებენ, თუ რა მრავალფეროვანია სამყარო და შეძლებენ მსოფლიოს უკეთ შეცნობას". 

საღამოს ბოლოს სტუმრებმა წარმოდგენილი 4 ქვეყნის სამზარეულო დააგემოვნეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary