თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ლაზი მხატვრის, ხასან ჰელიმიშის, ნახატების გამოფენა გაიმართა.
გამოფენა ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და თბილისის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.
ხასან ჰელიმიში იყო თვითნასწავლი მხატვარი და ხალხური მთქმელი. ის დაიბადა 1907 წელს თურქეთის სოფელ ორთახოფაში. იქვე დაამთავრა თურქული საშუალო სკოლა. გამოფენაზე აჩვენეს მერაბ მამულაშვილის ფილმი, რომელიც ასახავდა ხასან ჰელიმიშის ცხოვრებას. ასევე დარიგდა ნახატების კატალოგი, სადაც შესულია, როგორც ნახატები, ისე ლექსები.
,,ხასან ჰელიმიში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში ცხოვრობდა. აქ, საქართველოში დამკვიდრებულ ადამიანს კარგად ახსოვდა თავისი ლაზეთი და ლაზური ფოლკლორი. შეიძლება ეს ფოლკლორი ლექსებში იყოს, ნაწერებში, თუმცა, დღეს ხასანმა ნახატებით გადმოგვცა. ამ ნახატებშია მთელი ლაზეთი, ზღვა, შრომა და ჩაცმულობა" - განაცხადა სარფის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა იაშარ თაკერავამ.
გამოფენას ესწრებოდა ხასან ჰელიმიშის ქალიშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას: ,,ძალიან დიდი მადლობელი ვარ და კმაყოფილი დღევანდელი დღით. თუ ფილმს ნახავთ, გაიგებთ, რა ცხოვრება გადაიტანა მამაჩემმა. მომავალ წელს მამაჩემის გარდაცვალებიდან ორმოცი წლისთავია და მინდა მოვაწყო საღამო, სადაც იქნება მამაჩემის სიმღერები არა მხოლოდ ორიგინალში, არამედ იტალიურ ენაზე თარგმნილი. იმედი მაქვს, სამინისტროდან მხარდაჭერა მექნება".