თსუ-ს სტუდენტების პროტესტი ლექტორს
31 მარტი, 2015
თსუ-ს  სტუდენტების  პროტესტი  ლექტორს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" მეშვეობით გავრცელდა ,,პოსტი", სადაც ლექტორი სტუდენტებს მოიხსენებს "ნეხვებად" და "გამოშტერებულებად".

როგორც ,,პოსტიდან" ირკვევა, ლექტორი ავად იყო და მას ბიულეტენიც ჰქონდა.
,,არც მოვრჩი ჯერ და საქმის გამო ავადმყოფი მაინც გავდივარ და ან სტუდენტმა ან ადმინისტრაციამ ან რომელიმე ,,ვითომკოლეგამ" რამე იწუნკლა და იწუპაკა, არ ვაპატიებ და მწარედაც დაუჯდებათ - თან ძალიან!!! ეს დიდი და წვრილი წუნკლების, ანუ ვარდთა (ჰიტლერის ,,სტავკასავით" პარაზიტულად სულ ტყუილად გაბერილი სამდივნოს შტატების და ავანტიურისტობით გალექტორებულების) და ნეხვთა (გამოშტერებული სტუდენტების) გასაგონად" - წერს ლექტორი ინგა მილორავა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

ინგა მილორავა თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ლექტორია საგანში ,,ახალი ქართული ლიტერატურა". როგორც გავარკვიეთ, სტუდენტებში ერთსულოვნება არ არის. ეს მხოლოდ სტუდენტების ნაწილის პროტესტია. ლექტორს ცარიელი აუდიტორია დაახვედრეს სტუდენტებმა. სკამებზე თაბახის ფურცლები მიამაგრეს წარწერით - ,,ნეხვი" და "გამოშტერებული სტუდენტი".

,,იცით სინამდვილეში რა და როგორ მოხდა? რომ იცოდეთ, ალბათ,  არც მკითხავდით - უმძიმესი ავადმყოფის ჩაწიხვლა. მივიჩნევ, რომ არაადამიანობა ყველაზე რთულია ამქვეყნად. ყველას საკუთარი თავი ჰგონია მართალი. გაარკვიეთ, როგორი ურთიერთობა მქონდა წლების მანძილზე სტუდენტებთან. ისიც იკითხეთ, როგორ მიყურებდნენ ჩასისხლიანებულ თვალებში. პარასკევს მივედი და საქმეს მირჩევდნენ. ეს მძიმეა ჩემთვის, მაგრამ ვეცდები გადავლახო" -აღნიშნა ლექტორმა ინგა მილორავამ ჩვენთან საუბრისას.
,,ჩემი აზრით, ყველაფერი გარკვეულია უკვე. მოხდა შეურაცხყოფა, შედეგად იყო მყისიერი პროტესტი. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ნებისმიერი რამ, რაც არ მოგვეწონება, ასევე მყისიერად იქნება გაპროტესტებული და მირჩევნია ჩვენმა ქმედებებმა ილაპარაკონ, ვიდრე თავად ჩვენ. კომენტარი, მგონია, ზედმეტია ამჯერად. ანონიმურობა უზრუნველყოფს იმ შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ ძალა და მონდომება გვაქვს და არ ვართ რამდენიმე" - აღნიშნა სტუდენტმა გვანცა თუშიშვილმა.

,,მისმა სტუდენტებმა ცივილურად და იურიდიულად გადავწყვიტეთ ამ საქმის მოგვარება და ვფიქრობ, რომ ეს "ფეისბუქის" გვერდზე განსახილველი თემა არ არის. ნებისმიერ თავმოყვარე სტუდენტს გაუჩნდებოდა ამ სიტუაციაში პროტესტის გრძნობა და თუ ასე არ მოხდა, ვფიქრობ, მათშია პრობლემა და მისახედია ეს პრობლემა"- წერს ფეისბუკის გვერდზე ინგა მილორავას სტუდენტი ნატალია ქოქუაშვილი. 

როგორც ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა გვითხრეს, პროფესორ მილორავას ერთი თვის განმავლობაში უნივერსიტეტში არ უვლია, თსუ-ს ადმინისტრაციას კი მის სემინარებზე შემცვლელი პედაგოგი არ გაუგზავნია. "სტუდენტები ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ, რომ პროფესორის არყოფნის პირობებში ვითარების დარეგულირება უსწრაფესად, გაუგებრობის გარეშე და ეფექტურად მოხდეს. ბუნებრივია, ჩემი თანაუნივერსიტეტელების უდიდესი უმრავლესობა პროფესორის არაეთიკურ, შეურაცხმყოფელ და შეუფერებელ საქმიანობასაც აპროტესტებს. ისინი არავის გაგდებას არ მოითხოვენ. უბრალოდ, აუცილებელია, რომ არაეთიკური საქციელისათვის პროფესორმა შესაბამისი ოფიციალური შენიშვნა მიიღოს. სოციალური ქსელი არის მედიის თანამედროვე სახეობა, ის საჯარო სივრცეა, სადაც სტუდენტის ამგვარად მოხსენება უპასუხისმგებლობა და კულტურის ნორმებიდან გადაცდომაა. მე პირადად ძალიან გაბრაზებული ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ამ ლექტორთან არანაირი კავშირი არ მქონია, მის სიტყვებს საკუთარ თავზე ვიღებ. ვიმედოვნებ, რომ პროფესორმა ეს ნაბიჯი აფექტის მდგომარეობაში, ემოციურ ფონზე გადადგა და თავადაც გულწრფელად ნანობს ამ საქციელს. მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ადმინისტრაციას ეკისრება, რომელმაც სტუდენტსა და პროფესორს შორის ურთიერთობა ვერ დაარეგულირა და აქამდე მიიყვანა საქმე" - განაცხადა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

"ჩვენი ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია ინგა მილორავა, რომელსაც სასემინარო ჯგუფში მიჰყავს მეცადინეობა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მივიდა ერთ-ერთ მეცადინეობაზე. ეს სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მას ბიულეტენიც ჰქონდა, თუმცა, უნივერსიტეტს დაუმალა, რაც აკადემიური პერსონალის მხრიდან დიდი შეცდომაა. როგორც მასთან საუბარში გაირკვა, თავს კარგად ვერ გრძნობდა. მას დაურეკეს ადმინისტრაციიდან, როგორც კი გაცდენის ფაქტი დაფიქსირდა. ქალბატონმა ინგამ ადმინისტრაციის წარმომადგენელს საკმაოდ არაადეკვატურად და უხეშად უპასუხა. ამ ყველაფერს კი იგი მძიმე მდგომარეობას მიაწერს. განერვიულების ფონზე მას დაუწერია "ფეისბუკის" გვერდზე სტატუსი. ეს ფაქტი ყველასთვის აღმაშფოთებელი იყო. ამას გამართლება არ მოეძებნება მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, ავად იყო ქალბატონი ინგა. იგი ვალდებული იყო საკუთარი მდგომარეობის შესახებ ეცნობებინა კათედრის გამგისთვის. ამ შემთხვევაში მას აუცილებლად ჩაანაცვლებდა სხვა ლექტორი. ამ საკითხის შესახებ ძალიან სერიოზულად ვისაუბრეთ. რეაგირება აუცილებლად იქნება ადმინისტრაციის მხრიდან. მსგავს არაეთიკურ ქმედებას შეისწავლის ეთიკის კომისია და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს საბჭოს სხდომაც გვაქვს და ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული" - განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary