თანამედროვე ქართული კალიგრაფია, როგორც "არტი"
02 აპრილი, 2015
თანამედროვე  ქართული კალიგრაფია, როგორც  "არტი" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კომპანია "არტის", "შემოქმედებითი სკოლა-სახელოსნოსა" და მედიათეკების გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით მედიათეკის ვაკის ფილიალში გაიმართა წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თანამედროვე ქართველი კალიგრაფების გამოფენა.

წარმოდგენილი ექსპონატების ავტორები არიან ახალგაზრდა კალიგრაფები: ალექსანდრე მამუკაშვილი, მარიამ მაღლაკელიძე, აბო ახვლედიანი, ოთარ მჭედლიშვილი. დამთვალიერებელს შეეძლო, შეეფასებინა ეტრატსა და ქაღალდზე შესრულებული არამხოლოდ კალიგრაფიის ნიმუშები, არამედ თანამედროვე კალიგრამებიც, რომელიც ახალ სიტყვად შეიძლება მივიჩნიოთ დღევანდელ ხელოვნებაში. ახალგაზრდა კალიგრაფებმა შეძლეს და ხელოვნების ნიმუშად აქციეს ირაკლი ჩარკვიანის ლეგენდარული ფრაზები, ყველასთვის ცნობილი აფორიზმები. დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო შექსპირის სონეტები გარდაქმნილი ჰოროსკოპის ნიშნების სილუეტებად. ალექსანდრე მამუკაშვილის ნამუშევრებიდან ასევე საინტერესოა სხვადასხვა ფორმის სილუეტებში მოქცეული ლექსები, მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიას "ქრისტეშობა", თუმცა, ამ შემთხვევაში აქცენტი ლექსის ვიზუალურ მხარეზეა გადატანილი და არა იმაზე, თუ რამდენად შეუძლია მნახველს სტროფების ამოკითხვა. 

გამოფენის ფარგლებში კალიგრაფიის სკოლის პედაგოგმა ოთარ მჭედლიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - "კალიგრაფია და ხელნაწერი წიგნის ხელოვნება ძველად და დღეს". აუდიტორიის უმრავლესობას ბავშვები წარმოადგენდნენ, სწორედ მათ გამო ჩატარდა აღნიშნული გამოფენა, რომელიც მოზარდი თაობის მედია-წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება. მომხსენებელმა ბავშვებს მათთვის მარტივი და საინტერესო კუთხით გააცნო ქართული კალიგრაფიის ისტორია, მიმოიხილა ისტორიული საწერი საშუალებები, გელათის, ალავერდის, ვანისა და ოდიშის ოთხთავის მინიატურები. ოთარ მჭედლიშვილმა ასევე ისაუბრა მინიატურათა შექმნის ტექნიკასა და თავისებურებებზე.

როგორც "შემოქმედებითი სკოლა-სახელოსნოს" დამფუძნებელმა ხათუნა ნანობაშვილმა აღნიშნა: "დღევანდელი ღონისძიება არის საქველმოქმედო ხასიათის, გვსურს, ბავშვებს დავეხმაროთ მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სკოლასთან, საბავშვო ბაღთან, მომავალში ვგეგმავთ მსგავსი ტიპის გამოფენის მოწყობას ღია ცის ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრაზე ბავშვებს აქვთ საშუალება, თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებაც და თავად შექმნან კალიგრაფიის ნიმუშები. ახალგაზრდა კალიგრაფებთან სულ რამდენიმე თვეა რაც ვთანამშრომლობთ და მომავალშივ ვგეგმავთ არაერთ საინტერესო ღონისძიებას, ბუნებრივია, ყველა მათგანი კვლავ ქართული ეროვნული კულტურის აღორძინებასა და პროპაგანდას მიეძღვნება". 

კალიგრაფ ალექსანდრე მამუკაშვილის თქმით: "ჩემი მომავალი პროფესია ახლოს არის კალიგრაფიასთან რაღაც კუთხით, არქიტექტურის დიზაინზე ვსწავლობ, თუმცა, "ლამაზად წერის" ხელოვნებასთან ბავშვობიდან ახლოს ვიყავი. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში შენიშნეს, რომ შემეძლო ლამაზად წერა. მოგვიანებით 2010 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფთა კონკურსში მივიღე მონაწილეობა და 4-ჯერ გავიმარჯვე. თავდაპირველად კალიგრამების შექმნა უბრალოდ გატაცება იყო, შემდეგ უკეთ გავეცანი ამ სფეროს, როგორც ცნობილია, ხელოვნების ამ მიმდინარეობით ცნობილია არაბული სამყარო, ჩვენთან კი ეს სტილი თითქოს ახლა იკიდებს ფეხს. აქამდეც გვქონდა გამოფენა მე და ოთარ მჭედლიშვილს, 21 იანვარს სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში წარმოვადგინეთ კალიგრამების ნიმუშები. ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთანაც, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ კალიგრამები, როგორც ხელოვნების ნიმუშები".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary