თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბის ,,ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება" კვლევითი პროექტის - "სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლა სამოქალაქო აქტივიზმისადმი" შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის "სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლა სამოქალაქო აქტივიზმისადმი" მიზანი იყო, დაედგინა: რა დამოკიდებულება აქვთ სტუდენტებს სამოქალაქო აქტივიზმის ფორმების მიმართ და რამდენად არიან ჩართულნი სამოქალაქო აქტივობებში. შერჩეული იყო თბილისში არსებული 7 უნივერსიტეტი და სულ გამოიკითხა 800 სტუდენტი.
,,კვლევა ეხებოდა სტუდენტების დამოკიდებულებას სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ. პირველი პრეზენტაცია გაიმართა სამედიცინო უნივერსიტეტში და მეორე - აქ. აუდიტორია იყო საკმაოდ აქტიური. ჩვენი კვლევით დაინტერესდნენ თვითმმართველობის წევრები. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, კარგად ჩაიარა პრეზენტაციამ, რადგან იყო ბევრი საინტერესო კითხვა და გამოითქვა სურვილი, ჩვენი და სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შესახებ" - აღნიშნა ,,ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანების" წევრმა მარიამ წიკლაურმა.
"სტუდენტური კლუბი "ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება" არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი, რომელიც შეიქმნა 2012 წლის 7 ნოემბერს. კლუბს განხორციელებული აქვს სხვადასხვა სოციალური აქტივობა და კვლევა, მათ შორის ერთ-ერთია "სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლა ქორწინება-შობადობისადმი".
,,ჩვენი მიზანი იყო, გამოგვეკვეთა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ სტუდენტებს სამოქალაქო აქტივობებზე, კერძოდ, ფილანტროფიასა და მოხალისეობაზე. მიგნება იყო ის, რომ ფილანტროფიას და მოხალისეობას სტუდენტები მიიჩნევენ სამოქალაქო აქტივობის ხელშემწყობ ფაქტორად, რეალურად კი ისინი არ არიან ჩართული ამ აქტივობებში. კითხვარში გვქონდა ასეთი კითხვა: თუ რა სამოქალაქო აქტივობებში მიუღიათ მონაწილეობა ბოლო ათი თვის განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ არ იყვნენ ჩართულნი. სტუდენტების მოსაზრებით, ქვეყნისთვის კარგია ასეთ აქტივობებში ჩართვა, მაგრამ საჯარო გამოსვლების ნაცვლად ისინი საკუთარ პოზიციას გამოხატავენ სოციალური ქსელის საშუალებით" - განაცხადა ,,ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანების" პრეზიდენტმა ნინო გელანტიამ.
პროექტი დაფინანსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.