სტუდენტების პროტესტი ილიაუნის ადმინისტრაციას
15 აპრილი, 2015
სტუდენტების  პროტესტი  ილიაუნის  ადმინისტრაციას ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გუშინ ,,იუთუბის" მეშვეობით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის უფროსსა და სტუდენტს შორის საუბარია ჩაწერილი.

საუბრიდან ირკვევა, რომ ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტური სამსახურის უფროსი გიორგი ღვინჯილია აკადემიურ პერსონალთან ერთად ცდილობს, არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტურ კლუბს - ,,ერთიან ძალას" საარჩევნო სიებისა და მაჟორიტართა დაკომპლექტებაში დაეხმაროს. 

"პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე ჩიქოვანმა და ილიაუნის სტუდენტებმა პრესკონფერენცია გამართეს თემაზე - "ადმინისტრაციის თანამშრომლები პიარის უფროსი ანა კვანჭილაშვილი და სტუდენტური სამსახურის უფროსი გიორგი ღვინჯილია გადადგნენ".

,,20 აპრილს გაიმართება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. ამ პროცესებში ადმინისტრაციის უხეში ჩარევა დაფიქსირდა. პიარის უფროსი ანა კვანჭილაშვილი და სტუდენტური სამსახურის უფროსი გიორგი ღვინჯილია აკადემიურ პერსონალთან ერთად ცდილობენ, არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტურ კლუბს - ,,ერთიან ძალას" საარჩევნო სიებისა და მაჟორიტართა დაკომპლექტებაში დაეხმარონ. ჩვენ დახმარებისთვის მივმართავთ განათლების სამინისტროს. ვაპირებთ, რომ მოვაწყოთ საპროტესტო აქცია ილიაუნის ადმინისტრაციულ კორპუსთან. გვინდა, რომ ანა კვანჭილაშვილმა და გიორგი ღვინჯილიამ დატოვონ თანამდებობა. ისინი ბარიერს გვიქმნიან, თუნდაც აუდიტორიის დაჯავშნაში, ფართის გამოყოფაში" - განაცხადა ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე ჩიქოვანმა.

თორნიკე ჩიქოვანმა რამდენიმე კითხვასაც უპასუხა: ,,აუდიო ჩანაწერი ჩვენთან მოხვდა ანონიმურად. აუდიო ჩანაწერზე ისმის ის, რომ კონკრეტულად ეს სტუდენტი ეუბნება, ის ადამიანია, რომელიც თქვენ ლექტორს თხოვეთო. გიორგი ღვინჯილია კი პასუხობს, რომ მგონი დაგვიანებულია, მაგრამ მაინც გადავამოწმებო - ანუ პირდაპირ ლობირებს მას".


პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ლაშა ადამაშვილი - ილიაუნის თვითმმართველობის სამართლის საბჭოს თავმჯდომარე: ,,არსებობს ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები ლობირებდნენ ერთ-ერთ ძალას. ჩანაწერი კი იმის მტკიცებულებაა, რომ ეს ფაქტი ნამდვილად ხდებოდა. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მინიმუმ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ კონკრეტული ლექტორები ეძებდნენ ,,ერთიანი ძალისთვის" მაჟორიტარებს. ეს კი დარღვევაა. ადმინისტრაცია ერევა უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნებში. ეს საფრთხეა, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს სისტემა. თუ თვითმმართველობა ვერ შეარჩევს იმ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, შემდგომში თვითმმართველობა ვერ მოახდენს რეაგირებას ადმინისტრაციის დარღვევებზე". 

როგორც თორნიკე ჩიქოვანმა განაცხადა: ,,ჩვენი სურვილია, რომ ადმინისტრაციასთან ერთად სტუდენტების უფლებების დაცვით, ვმართოთ უნივერსიტეტი და რეალურად განვითარების საშუალება მივცეთ მას. ადმინისტრაციის ასეთი დამოკიდებულება კი არ გვაძლევს ამის საშუალებას. ადმინისტრაციასთან ამ თემაზე ოფიციალური შეხვედრა არ გაგვიმართავს".

,,ჩვენი დეპარტამენტის ფუნქცია არის სტუდენტებისა და კლუბების დაკავშირება. არ შეიძლება, რომ ამის კლასიფიკაცია და ლობირება მოხდეს. ლობირება იქნება ის, რომ დავურეკო რომელიმე სტუდენტს და ვუთხრა, ამა თუ იმ ჯგუფს მისცეს ხმა. ეს გოგონა ერთადერთი იყო, რომელმაც დამირეკა ამ საკითხზე. მან მითხრა, რომ სურდა მონაწილეობის მიღება. მე მხოლოდ გადავამისამართე იგი შებაბამის კლუბში და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გავუგზავნე ამ კლუბის ლიდერს - ერთ-ერთ წევრს. ეს მხოლოდ გადამისამართება იყო და არ შეიძლება ლობირებად მივიჩნიოთ. ვიცოდი, რომ რამდენიმე დღით ადრე უნდა დამთავრებულიყო რეგისტრაცია. აქედანაც მეტყობა, რომ ამ საკითხით დიდად არ ვარ დაინტერესებული, რადგან არც ვიცი დასრულდა თუ არა რეგისტრაცია. მე ამ გოგოს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ დაკავშირებოდა ამ სტუდენტებს და გაერკვია, მიმდინარეობდა თუ არა რეგისტრაცია ისევ. ვიცოდი, რომ ისინი ეძებდნენ წევრებს და თუ ადგილები ექნებოდათ აუცილებლად მიიღებდნენ მას. ამ კლუბის წევრებმა მთხოვეს, რომ მათთვის რეკომენდაცია გამეწია და მერჩია ერთი კარგი სტუდენტი. ადმინისტრაციაში მუშაობასთან ერთად მე სემინარებსაც ვატარებ. დახმარება ლექტორებსაც ვთხოვე და სწორედ ამის საფუძველზე დამირეკა გოგონამ. ამაში არაფერია კრიმინალური. მე არ მეგონა ასეთი რამ თუ მოხდებოდა და ამ უნივერსიტეტში ვინმე ჩამწერდა. არაფრის მთქმელი ვიდეოა. სინამდვილეში ამ ხალხს სჭიდებოდა სკანდალის აგორება ხმების მოსაპოვებლად'' - განაცხადა სტუდენტური სამსახურის უფროსმა გიორგი ღვინჯილიამ.

ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არაფერს მოიმოქმედებენ. ანა კვანჭილაშვილმა - პიარის სამსახურის უფროსმა, განაცხადა: ,,ჩვენ გამჭირვალე და ნათელი სისტემა გვაქვს. კანცელარიაში იწერება გაცხადება, რომელიც გადაეგზავნება პიარის სამსახურს. გვაქვს კალენდარი, რომელიც საჯაროა და ჩანს ყველასთან. ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია, ნახოს, არის თუ არა კონკრეტული აუდიტორია თავისუფალი დღეს. თუ წინასწარაა დაჯავშნილი, ამას ვერავისთვის მოვხსნით. დიდი უნივერსიტეტი ვართ და აუდიტორიები დაკავებულია ხშირად. დღეში დაახლოებით 15 ღონისძიბა იმართება''.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary