ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის" ორგანიზებით ჩატარდა ბიზნეს-ინტელექტუალური თამაში ,,I"M - Intelectual Marketer".
"მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის" პრეზიდენტმა ზურა გურგენიშვილმა აღნიშნა: ,,დღეს ტარდება ინტელექტუალი მარკეტერი, წელს - უკვე მეორედ. ეს ღონისძიება, ძირითადად, ეძღვნებათ მარკეტინგის სფეროში მოღვაწე სტუდენტებს. ჩვენი სტუმრები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დარეგისტრირებული გუნდები არიან. სულ 4 ტური ჩატარდება. გამოვავლენთ გამარჯვებულებს და ჩვენი სპონსორები დააჯილდოვებენ მათ. ეს პროექტი ჩატარდა შარშან, 27 აპრილს, წელსაც დიდი გამოხმაურება აქვს და მომავალშიც გაგრძელდება".
ორგანიზატორების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მარკეტერს შეეძლოს არსებული სიტუაციის ანალიზი და შეფასება. აღნიშნული პროექტის დახმარებით, მონაწილეები იწავლიან სწორად შეაფასონ მოცემული სიტუაცია და შეძლონ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ის სამუშაო, რომლებიც მიეცემათ პროექტის მონაწილეებს, მიმართული იქნება მათი აზროვნების განვითარებისა და უკვე დაგროვილი ცოდნის გამოვლენისა და წახალისებისკენ.
,,ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ჩავერთო სტუდენტურ პროექტებში. ჩვენს უნივერსიტეტში კი ძალიან ხშირია მსგავსი სახის ღონისძიებები. ჩართულები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და აქ უფრო მეტი კონკურენციაა. ვფიქრობთ, ჩვენი თამაში წარმატებული იქნება. მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება საჭიროა იმიტომ, რომ გაიხალისო სტუდენტური ცხოვრება და მეორე - გაზარდო ინტელექტუალური შესაძლებლობა" - აღნიშნა გუნდ ,,Bakers Street"-ის წარმომადგენელმა ნინო გაფრინდაშვილმა.
გავესაუბრეთ ჯგუფ ,,ბექა და 4G"-ის წარმომადგენელსაც. ბექა ბიწაძემ განაცხადა: ,,პროექტში მონაწილეობა საინტერესოა, რადგან ბევრ რაიმეს გავიგებთ - რაც ვიცით და რაც არ ვიცით. გამოვავლენთ საკუთარ თავს და შევიძენთ ცოდნას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია".
პროექტის ფარგლებში გამოვლინდება ყველაზე ძლიერი 3 გუნდი.