თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტთან არსებული კულტურული მრავაფეროვნების ლაბორატორიის მიმდინარე პროექტის ,,კულტურული მრავალფეროვნების სკოლა" ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა და დაინტერესებულმა პირებმა მოისმინეს ლექციები კულტურის შესახებ.
სკოლის რიგით მესამე სტუმარი იყო თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რომელმაც ისაუბრა თემაზე - ,,რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება".
,,ქართული ანბანი, კერძოდ კი, ასომთავრული სომხური ანბანის მსგავსია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ორი ანბანი შეიქმნა გრაფიკოსთა ერთ სკოლაში. დავის საგანი არ უნდა იყოს ის, თუ რომელი ერის კულტურა ჯობს. მნიშვნელოვანია, აღვნიშნო გრიგოლ ფერაძის ნაწარმოები, რომელშიც წერია, რა პრობლემების წინაშეა ქართული ისტორიოგრაფია. იქ ქართველთა განმანათლებლად მოიხსენიება არა წმინდა ნინო, არამედ გრიგოლ განმანათლებელი. ბევრი მკვლევარი ამბობს, ატენის სიონის არქიტექტურა დამახასიათებელია სომხური არქიტექტურისთვის და მას სომეხი არქიტექტორი ჰყავს. დღეს ჩვენს მოსახლეობას უჭირს, დაუბრუნოს სომხურ მოსახლეობას თავიანთი კულტურული ნაგებობები. მოუვლელობის გამო სომხური ეკლესიების დიდი ნაწილი ჩამოინგრა. ასეთივე პრობლემების წინაშე დგანან სხვა ეთნიკური უმცირესობებიც. საქართველოში ბერძენთა რიცხვიც მცირდება. აღსანიშნავია მალაკნებისა და დუხაბორების ჯგუფების დაბერება და რაოდენობის შემცირება. დუხაბორები პაციფისტები არიან და არ იღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში" - განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.
ივანე წერეთელმა, ისტორიის დოქტორმა და კულტურის კვლევების ასოცირებულმა პროფესორმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღნიშნა: ,,ეს რაიმე კონკრეტული პროექტი არ გახლავთ, უფრო ინიციატივაა. მოდის 90-იანი წლების ბოლოდან. 1998 წელს დავაფუძნეთ მსგავსი რამ, როდესაც ვიყავით სტუდენტები. რა თქმა უნდა, ტრანსფორმირდა იმ გამოწვევების მიხედვით, რაც თანამედროვეობას ახლავს და აქედან გამომდინარე, ინტერესებიც იცვლება და მოწვეული პიროვნებებიც. დღევანდელი მოხსენება სწორედ ამის გამოძახილია. ამ ლექციებს, ძირითადად, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და მაგისტრანტები ხელმძღვანელობენ და უფრო საინტერესოა. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, რასაც უნივერსიტეტში ვასწავლით. ამიტომ კვირაში ერთხელ ვიწვევთ კონკრეტული საკითხის მკაფიოდ მცოდნეს".