ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ბოლონიის პროცესში მონაწილე აღმოსავლეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ფორუმი.
ფორუმის ორგანიზატორი იყო გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD). ფორუმში საქართველოს, გერმანიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.
,,ბედნიერი ვარ, რომ გხვდებით ჩვენს უნივერსიტეტში. ეს ყველაზე დიდი უნივერსიტეტია საქართველოში. განათლებას სჭირდება განვითარება საერთაშორისო ფონზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები, გაცვლითი პროგრამები. გერმანია, ამ მხრივ, თავდადებული პარტნიორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის" - მიმართა დამსწრეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სოსო სალუქვაძემ.
სიტყვით გამოვიდა ფილოლოგიის დოქტორი თამარ ვეფხვაძეც. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო თსუ, ისაუბრა მისი დაარსების ისტორიაზე. ,,გერმანიის უნივერსიტეტების გამოცდილება ძალიან საინტერესოა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნებულია ევროპულ ტრადიციებზე. ჩვენი უნივერსიტეტი ლიდერია კავკასიაში. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში, საჯარო ლექციებსა და კონფერენციებში" - აღნიშნა მან.
მომხსენებელთა შორის იყო საერთაშორისო ურთიერთობების წარმდგენი ეკა ბასილაია. ,,მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორები ვართ 200-ზე მეტი უნივერსიტეტის. აქტიურად ვერთვებით ,,ერასმუს მუნდუსის" პროექტებში. ბოლო ორი წელია ვაგზავნით სტუდენტებს ჩინეთში. მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნის სტუდენტებმაც შეავსონ თსუ-ს ველი" - განაცხადა ეკა ბასილაიამ.
ფორუმის მიზანი გერმანულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა გახლდათ.