ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები ეწვივნენ.
EBRD - ის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები შეხვდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. ღონისძიებას დაესწრო თსუს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ბანკში დასაქმების შესაძლებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია, გააცნეს საკუთარი გამოცდილება, კარიერული გზა, ესაუბრნენ სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა: ,,ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია. უმუშევრობა დღეს ყველაზე მწვავე პრობლემაა და ვისაუბრებთ დასაქმების შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში".
EBRD-ის კომუნიკაციების დირექტორმა ლარი შერვინმა აღნიშნა: ,,მე თქვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარი ვარ. ვმუშაობთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული პროცესებია. 65-ზე მეტ ქვეყანაში ვართ - კანადა, მექსიკა, აზიის ქვეყნებშიც კი. ჩვენი კაპიტალი 30 ბილიონი დოლარია. ვდებთ ინვესტიციებს და ვიღებთ ბევრ ფულს".
EBRD-ის წარმომადგენელთა სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების, აგრეთვე, მომიჯნავე სპეციალობების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. 16 მაისს იგეგმება EBRD-ის წარმომადგენლების შეხვედრა კურსდამთავრებულებთან.