"ვიცხოვროთ სუფთა გარემოში - ჩვენი უფლებაა"
18 მაისი, 2015
"ვიცხოვროთ სუფთა გარემოში - ჩვენი უფლებაა" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ევროპის მდინარეთა ქსელის კოორდინირებით ევროპის მდინარეებში ცურვის დღესთან დაკავშირებით დიდი ნახტომის შეჯიბრება (Big Jump Challenge) უკვე რამდენიმე წელია იმართება.

ეს არის ახალგაზრდული კამპანია, რომელიც მხარს უჭერს მათ, გამოიყენონ კრეატიული მეთოდები წყლის დაცვის პოპულარიზაციისათვის. "კრეატიული განვითარების ცენტრი", როგორც ახალგაზრდული იდეებისა და აქტივობების მხარდამჭერი, აღნიშნული კამპანიის ერთადერთი ქართული პარტნიორი ორგანიზაციაა. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროექტში 115 გუნდი მონაწილეობს მსოფლიოს 29 ქვეყნიდან. მათ შორის არის საქართველო, რომელიც წელს ყველაზე მეტი მონაწილე გუნდითაა წარდგენილი. ქართული გუნდების რიცხვი ამ პროექტში 35-ს შეადგენს. 

გუნდი "თეტისი" "დიდი ნახტომის შეჯიბრების" ერთ-ერთი მონაწილე გუნდია საქართველოდან. მისი წევრები სტუდენტები არიან: მარი გიგაური, ირაკლი ჯანიაშვილი, ნინო ტაბატაძე, რატი გელაშვილი, ნინო ინასარიძე. როგორც მათ ინტერვიუს დროს აღნიშნეს, პროექტის დაწყებისთანავე შექმნეს გუნდი, გააკეთეს ლოგო, მოიფიქრეს სლოგანი და აქტიურად შეუდგნენ ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზებას. თავიდან ისინი გუნდის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ათავსებდნენ საინტერესო ინფორმაციებს წყლის განსაკუთრებულობის, მნიშვნელობის, მისი დაბინძურებისა და დაზოგვის გზების შესახებ. პარალელურად ერთვებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში. ასეთია, მაგალითად, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" მიერ ორგანიზებული მდინარე ვერეს ხეობისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, ეს უკანასკნელი წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. აპრილის დასაწყისში გუნდმა აქტიურად დაიწყო არაერთი ღონისძიების განხორციელება. ისინი მოუწოდებდნენ საზოგადოებას წყლის დაცვისა და დაზოგვისკენ. მათ ქუჩებში დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები, ასევე "პლაკატები" სხვადასხვა მოწოდებით. 

გუნდი "თეტისის" ერთ-ერთი წევრი რატი გელაშვილი ამბობს: "ჩვენს მოწოდებას შემოუერთდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტის ფარგლებში ჩვენმა მეგობრებმა სხვადასხვა ქვეყნის ქალაქის ცენტრალურ ადგილებში გუნდი "თეტისის" სახელით მოაწყვეს საინფორმაციო აქციები წყლის დაცვის შესახებ. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი (პარიზი, სტრასბურგი), ესპანეთი (მადრიდი), გერმანია (კიოლნი), კოლუმბია, ბრაზილია, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი". პროექტის მნიშვნელობიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე გუნდმა "თეტისმა" დაიწყო უფრო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, გადაწყვიტეს, ქვეყნის მომავალი თაობის, სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. გუნდის წევრები ეწვივნენ წეროვნის #3 საჯარო სკოლას, სადაც საინტერესო შეხვედრა შედგა სკოლის მოსწავლეებთან, გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა წყლის დაცვას, მის მნიშვნელობასა და დაზოგვას. მეტი აქტიურობისთვის გუნდმა "თეტისმა" ჩაატარა სკოლის მოსწავლეებს შორის ვიქტორინა, გამარჯვებულებსს გადაეცათ სახალისო პრიზები. 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩაერთო. "მოგვიანებით დავიწყეთ სიმბოლური ტიპის ღონისძიებების განხორციელება. მაგალითად, ნაგვის ურნებთან დავხატეთ "კლასობანას" სათამაშო უჯრები. ამით გვინდოდა, მოსახლეობისთვის დაგვენახებინა, რომ ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე მარტივი და მხიარული შეიძლება ამ ნარჩენების ურნაში განთავსება იყოს" - აღნიშნა ნინო ტაბატაძემ. გუნდმა "თეტისმა" ასევე გამართა წამახალისებელი აქცია თბილისში, რომელიც წყლის რესურსების დაცვას ეხებოდა. აქციის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უბანში გუნდის წევრებმა გააკრეს განცხადებები, სადაც ეწერა: "გახსენი, სიურპრიზია!" აქციის მონაწილეებმა აქციის პირობების გაცნობის შემდეგ, დაიმსახურეს სიურპრიზი - ერთი ბოთლი სასმელი წყალი. გუნდის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ჯანიშვილის თქმით: "ჩვენ ასევე მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ. საინტერესო ინფორმაციის გაზიარების შემდეგ დამსწრეებს შორის გაიმართა დისკუსია. ეს დისკუსია ჩვენთვისაც ბევრის მომცემი იყო, რადგან საზოგადოების მოსაზრება კიდევ უფრო მეტად გავიგეთ და გავიაზრეთ, მოვაწყვეთ ექსკურსიები, მოვინახულეთ მტკვრის რამდენიმე მონაკვეთი და მდინარე ალაზანი. დავაკვირდით მდინარეთა გეოლოგიური მოქმედებების შედეგად ფორმირებულ კალაპოტებს, შევისწავლეთ მათი მდგომარეობა". მათ საკუთარი ხელით შექმნეს მაისურის დიზაინი და დახატეს კიდეც. ასე უფრო ბუნებრივი და სახალისო ფორმა მისცეს საკუთარ აქციებსა და აქტივობებს. 

შეჯიბრებაში მონაწილე ერთ-ერთი გუნდია "კრეატიული ჩემპიონები" (Creative champions). გუნდის წევრები არიან: ანუკი ჯანელიძე, ნინო მარჯანიშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, თეა მიქელაძე და ია კარკაძე. ისინი 3 თვის განმავლობაში ახორციელდებდნენ აქტივობებს სამტრედიის რაიონსა და თბილისში. 

"კრეატიული ჩემპიონების" წევრმა ნინო მარჯანიშვილმა აღნიშნა: "ჩვენ პროექტში ვმონაწილეობთ სამტრედიის სახელით, ჩვენი საქმიანობა ორინტირებულია, როგორც მიწისზედა წყლების დაბინძურებისგან დაცვაზე, ასევე საზოგადოების ინფორმირებაზე, პირველ რიგში, ჩვენ ვესტუმრეთ დაბინძურებულ მდინარეებს, შევისწავლეთ მიმდებარე ტერიტორია და ჩავატარეთ დასუფთავების რამდენიმე აქცია, შევხვდით მოსწავლეებს სამტრედიის სხვადასხვა საჯარო სკოლაში და ვესაუბრეთ წყლის მნიშვნელობაზე, ჩავატარეთ ესსეების კონკურსი მოსწავლეთათვის და კონფერენცია, რომელშიც გამარჯვებულ ავტორებს საჩუქრები გადაეცათ, გამოვაცხადეთ ფოტოების კონკურსი მოსწავლეებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათ დაფიქრებას მოცემული საკითხის სიმწვავის მიმართ, მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება და გავმართეთ დისკუსია წყლის რესურსის მნიშვნელოვანებაზე". 

სამი თვის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა ანუკი ჯანელიძემ: "ჩვენ დავარიგეთ ბროშურები, რომლის საშუალებითაც ხალხს მოვუწოდებდით, არ დაებინძურებიანათ წყალი, გამოვაკარით საინფორმაციო სახის წერილები, როგორც სამტრედიაში, ასევე თბილისში. მოვაწყვეთ აქცია - ცოცხალი ჯაჭვი, ვესტუმრეთ ბაღებს სადაც პატარებს თავის ენაზე ავუხსენით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წყალს, "DEEHUBs"-ის საშუალებით გავაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ამერიკაში, კერძოდ, სიეტლში. ჩვენი აქტიურობა მხოლოდ ამ საქმიანობებით არ შემოიფარგლება და კიდევ ვგეგმავთ ბევრ მასშტაბურ აქტივობას, რათა ხელი შევუწყოთ წყლის რესურსის დაბინძურებისაგან დაცვას". 

როგორც გუნდის ყველაზე პატარა წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გვითხრა: "სასიამოვნოა, რომ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია გახდა ჩვენი პარტნიორი. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" მზად არის ჩვენთან თანამშომლობისთვის. ,,თაობათა დიალოგის" წევრები და მოხალისეები შემოგვიერთდებიან ჩვენს დაგეგმილ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში. ჩვენს ჯგუფთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ასევე ,,სამტრედიის განვითარების ასოციაციამ".
"ჩვენ გვინდა სუფთა წყალი, თქვენ?", "ბინძური წყალი კლავს", "შეაჩერე წყლის დაბინძურება" - ამ და სხვა მოწოდებებით "კრეატიული ჩემპიონები" აქტიურად ცდილობდნენ საზოგადოების ინფორმირებასა და მოქალაქეობრივი ვალდებულების შეხსენებას. განსაკუთრებით სიანტერესოა მათ მიერ ხელმოწერების შეგროვება. მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს ერთგვარ მემორანდუმს მომავალში მიწისზედა წყლების დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ. ამ ნაბიჯით ახალგაზრდებმა ყველას შეახსენეს ინდივიდუალური მოვალეობა სამყაროს წინაშე. 

გუნდის "Creative champions" აქციები გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. ერთ-ერთ აქციას ასევე ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ტატანაშვილი. მისი თქმით: "აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს გარკვეული რეგულაციები და ამ რეგულაციების შესრულების მონიტორინგის სისტემა საწარმოო ნარჩენებთან დაკავშირებით. საწარმოო ნარჩენები წარმოების ტიპის მიხედვით შეიძლება იყოს სხვადასხვა დონის საშიშროების მქონე: ბიო, რადიაციული და ა.შ., რომლებსაც სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, მათ შორის სიმსივნური და ინფექციური".

თბილისში გამართულ აქციაზე წყლის დაბინძურების პრობლემაზე ისაუბრა მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ: "მე ყველანაირ პროგრესს მივესალმები და უაზროც იქნებოდა ჩვენი ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, მაგრამ თუ კაცობრიობამ სხვა გზა არ გამოძებნა ნარჩენი მავნე პროდუქტების გადამუშავებისა და განადგურების, მაშინ ისევ ისე ერთად ვიცურავებთ ზღვაში მე და კონსერვის ქილა, ისევ გაივსება ზღვის სანაპიროები მოწამლული თევზებით, ისევ ემსგავსება ჩვენი მდინარეები ტრაქტორის მოტორის ზეთს და ბუნებაც, რომელმაც დროებით გამოუშვა გარეთ კაცობრიობა, ძალიან მალე დაიბრუნებს უკვე გამუტანტებულ, განადგურებულ ცივილიზაციას და ისევ იმ მიწად აქცევს, რომლიდანაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეგვქმნა უფალმა". 

პროექტის პირველი ეტაპი 5 მაისს დასრულდა. ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულის ვინაობა მაისის ბოლოს გახდება ცნობილი, რომელიც 9 ივნისს ბელგიაში გაემგზავრება.
"დიდი ნახტომის შეჯიბრი" მომავალ წელსაც იგეგმება და მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია ოფიციალურ გვერდზე - http://www.bigjumpchallenge.net/












გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary