აქცია ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად
21 ოქტომბერი, 2015
აქცია ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, ჯანდაცვის სამინისტრომ გახსნას კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის.

აქციის ორგანიზატორის ბაია პატარაიას განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს არცერთი კრიზისული ცენტრი, რომელიც მზად იქნება, მიიღოს ძალადობის მსხვერპლი. რეალურად, საქართველოში არსებობს თავშესაფარი, რომელიც მხოლოდ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს, მაგრამ მაღალი მიმართვიანობის გამო მუდმივად გადატვირთულია. 

ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ მას დაუკავშირდა ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც მზად იყო, იმ დღესვე წამოსულიყო მოძალადე ქმრისგან: "მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი დაწესებულება, რომელსაც შეუძლია გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ქალის დახმარება. საუბარია, იმ ელემენტარული პირობების შექმნაზე, როგორიცაა ღამის გასათევითა და საკვებით უზრუნველყოფა".

"დღეს ქვეყანაში ბევრი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი. მათ სურთ, თავი დააღწიონ მოძალადეს, მაგრამ ამის საშუალება არ აქვთ. ქვეყანაში არსებობს 4 თავშესაფარი, რომელიც განკუთვნილია ძალადობის მსხვერპლთათვის, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს მსხვერპლის სტატუსი, საჭიროა გარკვეული პროცედურები, რაც, ბუნებრივია, დროს საჭიროებს. მთელი ამ დროის განმავლობაში მსხვერპლს მოძალადესთან ყოფნა უწევს, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ამყოფებს მას. სწორედ ასეთ დროს მსხვერპლს სჭირდება ადგილი, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს. ქვეყანაში უნდა იყოს მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ადამიანს" - აცხადებს აქციის მონაწილე სოფო გოგიშვილი.

აქციის მონაწილეების თქმით, კრიზისული ცენტრის ფუნქცია ძალადობის მსხვერპლის არამხოლოდ თავშესაფრით, არამედ მისი სოციალური და ფსიქოლოგიური პირობებით უზრუნველყოფაცაა. თუმცა, მდგომარეობის სიმძიმიდან და პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, სულ რამდენიმე კრიზისული ცენტრის გახსნაც კი საგრძნობლად გააუმჯობესებს მდგომარეობას. პრობლემის სრული აღმოფხვრა კი რთული პროცესია და ისეთ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, როგორიცაა რეგულაციების შემოღება, მსხვერპლისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურების გამარტივება და უსაფრთხოების ზომების სწრაფად და ეფექტურად მიღება. 

აქციის მონაწილეების უმრავლესობას ახალგაზრდები შეადგენდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ აქციებით, კლიპებით და, ზოგადად, მაღალი სამოქალაქო აქტივობით, საზოგადოება დაინახავს პრობლემებას და იძულებულს გახდის შესაბამის ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2014 წლის ბოლოს გაიხსნებოდა კრიზისული ცენტრები, რომლებიც მსხვერპლს თავშესაფრით უზრუნველყოფდა, მაგრამ სამინისტროს განცხადებას რეალური ქმედება არ მოჰყოლია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary