კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაყიდვების მენეჯმენტში სტუმრის მოწვევის პროექტის ფარგლებში დავით კენჭაძემ ჩაატარა მასტერკლასი "გაყიდვების 33 წესი".
დავით კენჭაძის მოწვევა აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეოთხე კურსის სტუდენტების ინიციატივა იყო.
"უნივერსიტეტში გვაქვს პროექტი - წარმატებული კომპანიების მენეჯერებს ვიწვევთ ხოლმე. დავითი ავირჩიეთ რამდენიმე მიზეზის გამო: პირველ რიგში, გვინდოდა, რომ საინტერესო ლექცია ყოფილიყო, რომელზე დასწრებაც ყველას შეეძლებოდა და რაიმეს ვისწავლიდით მისგან. რამდენიმე ორგანიზატორი მის მასტერკლასს ცოტა ადრე დაესწრო და ვიცოდით, რომ საინტერესო მოსაუბრეა, წარმატებული გაყიდვების მენეჯერია და საკმაოდ მოთხოვნადიც" - თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოფო მესხმა.
დავით კენჭაძე არის ბიზნესკონსულტანტი, ტრენერი და საკონსულტაციო ჯგუფის გენერალური დირექტორი. მისი კომპანიის მიზანია ადამიანებისა და კომპანიების დახმარება თავიანთი მიზნების მიღწევაში. მან კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაუწია 70-ზე მეტ კომპანიასა და 100 000-ზე მეტ ადამიანს შემდეგ საკითხებში: გაყიდვების მენეჯმენტი, ლიდერობა, სტრატეგიული მენეჯმენტი, დროის მენეჯმენტი, პიროვნული განვითარება.
ლექციაზე დავით კენჭაძემ ყურადღება გაამახვილა კარიერაში წარმატების მისაღწევ გზებზე. მან აუდიტორიას გაყიდვების 33 წესი გააცნო.
მისი თქმით: "ძალიან ბევრი წარმატებული გამყიდველი იყენებს ამ მეთოდებს. რაც მთავარია, 33-ივე წესი მუშაობს საქართველოს რეალობაში, საქართველოს პრაქტიკაში. ვინც ამ მასტერკლასით მიღებულ ინფორმაციას კარგად გაანალიზებს, ძალიან მალე მიიღებს საუკეთესო შედეგს. მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიის ხართ, ეს ის წესებია, რომლებიც გჭირდებათ ცხოვრებაში".
სტუდენტების თქმით, დღევანდელი მასტერკლასი მრავლისმომცველი იყო: "ბევრი ისეთი რამ ითქვა, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. დღევანდელი მასტერკლასი ძალიან დამეხმარება, წარმატებული გაყიდვების მენეჯერი გავხდე" - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა ლიზი კაპანაძემ.