ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში
17 ნოემბერი, 2015
ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა თემაზე - ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: თამარ გურჩიანი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნინო გოგუაძე და თამარ კორძაია.
უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა აღნიშნა, რომ 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, თუმცა, ეს დღე არ არის მხოლოდ აღსანიშნად, საჭიროა იმ საკითხებისა და პრობლემების გააზრებაც, რაც ამ მიმართულებით არსებობს. მისი თქმით, ამ საკითხში არსებული პრობლემები არ უნდა მიიჩქმალოს, რადგან ამას ყოველთვის თან სდევს სექსუალური და ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრა და დისკრიმინაცია. 

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ ხაზი გაუსვა ბოლო დღეებში მომხდარ ამბებს და აღნიშნა, რომ რთულია ტერაქტების ფონზე ტოლერანტობაზე საუბარი. მისი თქმით, საქართველო არის მსოფლიოს ნაწილი, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ტოლერანტობაზე, უნდა მოვიაზროთ მსოფლიოც, რადგან ჩვენ მათი ნაწილი ვართ, სწორედ ამ მიზნით ვთხოვთ ჩვენ ევროპას, დაგვეხმაროს და იყოს ტოლერანტული ჩვენ მიმართ. "როცა ჩვენ დავინახავთ მუსლიმს, რომელიც თავისთვის ლოცულობს, ამის არ უნდა შეგვეშინდეს და არც ხელი უნდა შევუშალოთ მას ლოცვაში" - აღნიშნა დეპუტატმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, შეუძლებელია, ვისაუბროთ ტოლერანტობაზე და არ ვახსენოთ ტერორისტული აქტები და ის, თუ რა ხდება განსხვავებული რელიგიის გამო. "ჩვენ ვართ არატოლერანტული ქვეყანა და არაშემწყნარებელი მოქალაქეები, ამას ყველა დასკვნაში ვაწყდებით. ჩვენ ვიზრდებოდით იმ იდეით, რომ თურქები, არაბები, მუსლიმები ჩვენი მტრები არიან და როცა მოსწავლეებს სკოლაში ეუბნებიან, რომ თუ არ ხარ მართლმადიდებელი, ეს ცუდია, ეს უკვე ნიშნავს რელიგიური კუთხით დისკრიმინაციას. დღეს სქესობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ბევრი პრობლემა ექმნებათ, ავიწროვებენ მუსლიმებს, დევნიან სექსუალურ უმცირესობას და ეს პოლიტიკური ნებაა. მათზე მოძალადეებს კი სახელმწიფო ხელს აფარებს, არათუ სჯის, ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ ტოლერანტული ქვეყანა" - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც აბრკოლებენ ტოლერანტობას. "ის, რაც ჩვენს ხალხს ტოლერანტობა ეგონა, კონფორმიზმი აღმოჩნდა, როგორც კი უმრავლესობაში დავიგულეთ თავი, უმცირესობა დავამცირეთ. უმრავლესობაში მოხვედრას ჭირდება საშვი, ან პოლიტიკა, ან რელიგია, რის შემდეგაც ყალიბდება საქართველოში აგრესიული უმრავლესობა, სწორედ ეს უმრავლეობა ითხოვს სამსახურიდან უმცირესობას, ან ტელევიზიას უხურავს სწორედ იმ მოტივით, რომ ის მისი უმცირესობაა" - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ ქვეყანა ასეთი კურსით მოჯადოებულ წრეს ვერ გაცდება, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მუშაობითა და გააზრებით შეიძლება ტოლერანტობის დამკვიდრება. 

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე ბევრია სამუშაო, განსაკუთრებით შემწყნარებლობის კუთხით. მათი თქმით, ეს საკითხი არამხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა და მედიამაც უნდა მოაგვაროს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary