დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე
25 ნოემბერი, 2015
დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" ილიაუნის სამართლის სკოლამ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის დაწყების აღსანიშნავად დისკუსია გამართა ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციაზე - "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ", რომელიც"სტამბოლის კონვენციის" სახელით არის ცნობილი.

დისკუსიას გაუძღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი, ხოლო დისკუსიის სტუმარი იყო ქეთევან სარაჯიშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი, რომელმაც ისაუბა საკუთრივ სტამბოლის კონვენციაზე და იმაზე, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო შიდა კანონმდებლობის მისადაგებას ამ დოკუმენტზე.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი წვდომა აქვთ მსხვერპლთან. მათი ჩართულობა კი სახელმწიფოსთვის დიდი სამსახურია. სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტრო აპირებს აქტიურ თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა სწრაფად და ეფექტურად მოხდეს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა. მათი მთავარი მიზანი დისკრიმინაციის პრევენცია და მსხვერპლის დაცვაა. მთავარი მიმართულებები, რასაც უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო პროექტის სახით განახორციელებს, არის: პრევენცია, მსხვერპლის დაცვა, სისხლის სამართლებრივი დევნა, თანამშრომლობა და კოორდინაცია.

კითხვაზე, თუ როგორ შეუძლია ძალადობის მსხვერპლს დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს,სარაჯიშვილმა გვიპასუხა, რომ მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მეტი ინფორმირებულობა, ცხელი ხაზის გააქტიურება, სარეკლამო რგოლები და სოციალური მუშაკების მეტი ჩართულობა. ეს არის საუკეთესო უცხოური პრაქტიკა, რომლის დანერგვის აუცილებლობა ქვეყანაში დგას.

"ქალთა მიმართ ძალადობა გარდა ფიზიკურისა, მოიცავს სხვა ასპექტებსაც. ეს შეიძლება იყოს ოჯახური დანაშაული, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა, ადევნება, შევიწროება, ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება. ხშირად, ძალადობის გამართლება ხდება ტრადიციებით, სტერეოტიპებით, რეალურად კი უმძიმეს დანაშაულთან გვაქვს საქმე და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქალის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს, რაც აიძულებს მას, შეიცვალოს ცხოვრების წესი და გამუდმებით შიშში იცხოვროს" - განაცხადა ქეთევან სარაჯიშვილმა.

სტამბოლის კონვენციას საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი და ამჟამად კონვენციის რატიფიკაციისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტები. შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary