ევროკავშირი-რეალობა და მოლოდინები
01 დეკემბერი, 2015
ევროკავშირი-რეალობა და მოლოდინები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი პოლონელი საზოგადო მოღვაწის, ჟურნალისტის, ესსეისტისა და ისტორიკოსის ადამ მიხნიკის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "ევროკავშირი-რეალობა და მოლოდინები".

ძირითადი საუბარი შეეხებოდა იმ გამოწვევებს, რომლებიც დემოკრატიის გზაზე მდგარ ქვეყანას ელოდება. ადამ მიხნიკის თქმით, რა თქმა უნდა, საქართველოც იმავე სირთულეების წინაშე დგას, რომლებიც ნებისმიერმა ევროკავშირში შემავალმა ქვეყანამ გაიარა, თუმცა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ეს სირთულეები ორმაგდება. მისი თქმით, ევროკავშირის გზაზე საქართველოს ძირითადი დამაბრკოლებელი არის რუსეთი, უფრო კონკრეტულად კი პუტინის პოლიტიკა. "ეს არ არის კონფლიქტი რუსეთთან, ეს არის კონფლიქტი პუტინის დიქტატურასთან" - განაცხადა ადამ მიხნიკმა.

ჟურნალისტმა მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს უკანასკნელი მოვლენები, მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო პროვოკაცია და მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილებებისა, სამწუხაროდ, მაშინდელი ხელისუფლება წამოეგო ამ პროვოკაციაზე. ამ უახლოესი დაძაბული წარსულის ფონზე მოქმედი ხელისუფლება ვერ გადადგამს მკვეთრ და მკაფიო ნაბიჯებს ევროკავშირისკენ, საჭიროა დიდი სიფრთხილე და წინდახედულება. "როგორც პოლონელმა და უცხო თვალით დამკვირვებელმა შემიძლია, გითხრათ, რომ შორიდან საქართველო არ ჩანს არასასიამოვნოდ, მეტსაც გეტყვით: არავინ ადარებს მას აზიურ და აღმოსავლურ ქვეყნებს. ევროპის თვალში საქართველო არ არის კრემლი და ეს უდაოდ კარგია, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთისგან თავისუფალია" - აღნიშნა ადამ მიხნიკმა. 

საუბრის ბოლოს მან ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და რუსეთის დაძაბულ ურთიერთობას და თქვა, რომ სწორედ ამის გამო ევროკავშირი ეჭვის თვალით უყურებს საქართველოს. მან აქვე გაიხსენა პოლონეთის სირთულეები ევროკავშირში გაწევრიანებისას. მისი თქმით, ქვეყნის კურსსა და მოქმედ ხელისუფლებას ევროკავშირისკენ სვლაში გადამწყვეტი როლი აკისრია.

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, მსმენელები ადამ მიხნიკს, ძირითადად, პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობასა და ამ ორი ქვეყნის მსგავსება-განსხვავებაზე ეკითხებოოდნენ. ადამ მიხნიკის თქმით, პოლონელებისა და ქართველების ძირითადი მსგავსება ის არის, რომ ყოველთვის უკმაყოფილო ვართ მიღწეულით, ეს კი წინსვლისთვის აუცილებელი თვისებაა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary