ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის სერიის "ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში" ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია "კომპლექსების შესახებ".
საჯარო ლექციას გაუძღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, დიპლომირებული ანალიტიკოსი, ამერიკული ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი რეზო კორინთელი.
ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო კომპლექსების ფსიქოლოგიური განმარტება, მოკლე ისტორია, ასოციაციური ექსპერიმენტი, კომპლექსების ტიპები და მათი გამოცნობის საშუალებები.
მომხსენებელმა ისაუბრა კომპლექსების გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაში. კომპლექსები იწვევენ ცვლილებებს და ზეგავლენას ახდენენ ემოციებზე, აზრებზე, განწყობასა და ქცევაზე,ზოგადად, პიროვნებაზე. სიღრმის ფსიქოლოგიის საფუძვლიანი შესწავლა გარკვეულ ცოდნას აძლევს ადამიანს და საშუალებას, გააცნობიეროს კომპლექსის მიზანი და მართოს იგი. ლექტორმა განიხილა ცალკეული შემთხვევები ფროიდისა და იუნგის მაგალითზე.
"კომპლექსის გამოვლინება არ მხოლოდ ცნობიერად, არაცნობიერადაც ხდება. ის შეიძლება გამოვლინდეს სიზმარში, ქცევაში. თუმცა, საკმაოდ რთულია ცნობიერების შინაარსის შესწავლა, რადგან ცნობიერი ინფორმაცია რამდენიმე წუთში ქრება. მთავარი რეკომენდაცია კომპლექსის გაცნობიერება და აღიარებაა, რასაც თვითშემეცნება და გათავისუფლება მოსდევს. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპლექსის მიზნის ამოცნობა, რადგან კომპლექსები ხშირად დამოუკიდებელი არსებებივით იქცევიან. თუ ადამიანი მათ ტრანსფორმაციასა და გაცნობიერებას მოახდენს, აუცილებლად შეძლებს მის მართვას" - განაცხადა პროფესორმა.
არსებობს ასოციაციური ექსპერიმენტი "სტიმული-სიტყვა", რომელიც კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებით ადგენს პაციენტის მდგომარეობას, თუმცა, გასათვალისწინებელია პიროვნების ფსიქიკური მზაობა ექსპერიმენტისათვის.
"რეზო კორინთელის ლექციები ყოველთვის განსაკუთრებულია. ვფიქრობ, ეს ლექცია ძალიან საინტერესო იყო თავისი არსით და არ მხოლოდ ჩვენ, ფსიქოლოგებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს გამოადგება. ფსიქოლოგია პიროვნების შესწავლას ემსახურება და მიმაჩნია, რომ რაც მეტი ეცოდინებათ ადამიანებს საკუთარი თავის, თუნდაც კომპლექსების შესახებ, მით უკეთესია" -აღნიშნა ჩვენთან საუბარში ილიაუნის ფსიქოლოგიის სტუდენტმა სოფო ხვიჩიამ.