საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია თემაზე - "განათლების სისტემა საქართველოში მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე - ძირითადი ტენდენციები".
"ქართული ენა უფლის ენაა. ამ საყრდენზე შეიქმნა სახელმწიფო, რითაც ჩვენ დღემდე ვამაყობთ. ძველად სისტემა, ერთი მხრივ, ორიენტირებული იყო ეროვნულ-ტრადიციული ღირებულებების დაცვასა და პროპაგანდაზე და, მეორე მხრივ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. უცხოური საგანამანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებში არსებული ფასეულობების ქართულ რეალობაში დამკვიდრებასა და მორგებაზე" - განაცხადა მომხსენებელმა.
1817წელს დაფუძნდა პირველი სასულიერო სემინარია, რომელიც ემსახურებოდა რუსეთის იმპერიულ მიზნებს კავკასიაში. მიზანი კი იყო: ეროვნებით ქართველი ადამიანი აღეზარდა ისე, რომ ის ყოფილიყო რუსული კულტურის პროპაგანდისტი და მისი ინტერესების დამცველი. მაშინ განათლების ახალი სასწავლო გეგმა შემუშავდა, სადაც ისტორიის ადგილი არ იყო. თბილისის უნივერსიტეტი აქტიურად გაილაშქრებდა ხოლმე ამის წინააღმდეგ, თუმცა, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ წასვლა რთული იყო.
სერგო ვარდოსანიძის თქმით, თუ მეცნიერი ფიქრობს იმაზე, რომ 200-ლარიანი ხელფასის პირობებში ოჯახი როგორ გამოკვებოს, ეს მეცნიერებისთვის დამღუპველია. საბჭოთა კავშირში კი ეს რეალობა იყო, რამაც განათლების სისტემის ნგრევა გამოიწვია.
ლექტორმა ისაუბრა საფრთხეზე, წარსულის მწარე გამოცდილებასა და იმ კვალზე, რაც საბჭოთა კავშირმა დატოვა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე. საფრთხის წინაშე დგას ეროვნული პროგრამები, რომელსაც სასწავლო დაწესებულებებში მცირე დრო ეთმობა და მისი მნიშვნელობაც დაკნინებულია. ამ პირობებში რთულია მეცნიერების განვითარება და ახალი მეცნიერების კვალიფიციური მომზადება.
გამოსავალს რაც შეეხება, ეროვნული სასწავლო პროგრამა ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ მოსწავლეს პირველივე კლასიდან თანმიმდევრულად უნდა მიეწოდოს ასაკის შესაბამისი ინფორმაცია და ეს აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი. გადასახედია სახელმძღანელოების საკითხიც. არ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული საგნების ადაპტაცია.
"დღეს ჩვენი საგანმანათელბლო სისტემა არის იმ ძველი სისტემის დამახინჯებულ ტყვეობაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ეროვნულ და მით უმეტეს არც სახელმწიფოებრივ მიზნებს არ ემსახურება. ახლა ჩვენ გვაქვს ურთულესი მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ უნდა აღდგეს პედაგოგიური პროფილი, რადგან მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრება არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე მასწავლებლად, პროფესიულ ცოდნასთან ერთად საჭიროა პედაგოგიკის,ზოგადი ფსიქოლოგიისა და სხვა დისციპლინების ცოდნაც" - აღნიშნა ლექციის დასასრულს პროფესორმა.