ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ქრისტერ მიხელსონმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - "თანამედროვე ევროკავშირის გამოწვევა: ფინეთის ხედვა".
ელჩმა ლექციაზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გამოწვევასა და მსოფლიოში არსებულ აქტუალურ თემებზე. აქცენტები გააკეთა მიგრანტების პრობლემაზე, ქვეყნებში არსებულ კრიზისებსა და სანქციებზე.
"ვეროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ შეშფოთების საფუძველი არ აქვთ, ვინაიდან კრიზისული მდგომარეობა რეგიონისთვის გამოცდას წარმოადგენს და მის ხარჯზე ევროპა უფრო ერთიანი გახდა, ვიდრე ოდესმე იყო. თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრობლემა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის პრობლემად ვერ განიხილება, რადგან ერთი ქვეყნის დასუსტება სხვა ქვეყნების მდგომარეობასა და საერთო ფონის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას" - განაცხადა ელჩმა.
მომხსენებლის თქმით, საქართველომ მუშაობა ასეთივე წარმატებით უნდა გააგრძელოს, რათა წლის ბოლოს დადებითი რეკომენდაცია მიიღო. ის მოხარულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს.
ფინეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი და ექსპერტია. როგორც მან აღნიშნა, ინტენსიური კომუნიკაცია,ქვეყნების მიერ გამოცდილების გაზიარება, და,ზოგადად, დიპლომატიური მისია საერთო ფონს საგრძნობლად შეცვლის და ჯანსაღ გარემოს შექმნის ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის.
მომხსენებელმა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო და დამსწრე საზოგადოებასა და ლექტორს შორის კომუნიკაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.