საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის "წეროს" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ლიტერატურული კონკურსი "წერო", ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.
"წერო" ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებგვერდზე lit.ge ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 455 საკონკურსო ნაწარმოებიდან ექვსი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ზვიად კვარაცხელია, ანა ჭაბაშვილი, დავით ზურაბიშვილი, გიორგი კეკელიძე, ნესტან-ნენე კვინიკაძე, თეონა დოლენჯაშვილი) 16 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეული ნაწარმოებები მკითხველმა შეაფასა და გამარჯვებულიც მანვე გამოავლინა. მკითხველები ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებგვერდზევე გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებას ნაშრომის შესახებ.
მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდა: პირველი ადგილი დაიკავა ლია ლიქოკელმა, მეორე - ნათია როსტიაშვილმა, მესამე - ანი გიგაშვილმა.
პირველი პრემია მოიცავდა ლიტერატურული პრემია "წეროსა" და 4000 ლარს, მეორე პრემია - 2000 ლარს, ხოლო მესამე - 1000 ლარს.
საღამოზე ასევე დაჯილდოვდა ჟიურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობა "ინტელექტის" რჩეული ნაწარმოებები.
ყველაზე აქტიურ მკითხველებს სპეციალური პრიზები lit.ge-მ და ფარმაცევტულმა კომპანიამ GPC-მ გადასცა.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი "The Window".