თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - "კომპლიმენტისა და მანიპულაციის ფსიქოლოგია''.
ლექციას წარუძღვა პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ტრენერი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ "პიკი"-ს ხელმძღვანელი ირინა ტაბუციძე.
პროექტის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა პირველი შთაბეჭდილება, კომპლიმენტის სწორად გამოყენების წესები, მანიპულაციისგან თავდაცვის გზები და რეკომენდაციები.
"ადამიანებს სამყაროს შერჩევითი აღქმა აქვთ. ჩვენ მოგვწონს ის, რაც ჩვენთვის არის მისაღები. პირველი შთაბეჭდილების შექმნას დაახლოებით 15 წამი სჭირდება, ეს პროცესი სრულიად გაუაზრებლად ხდება. ხშირ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება მომავალშიც ამართლებს. ადამიანის გონებაში გარკვეული წარმოდგენა ჩნდება სხვა ადამიანზე და ის ამ პირველი ინფორმაციით ხელმძღვანელობს. წინასწარი წარმოდგენა, მაგალითად, გარეგნობა, სტატუსი, სხვათა აზრი ხშირად განაპირობებს ჩვენს დამოკიდებულებას სხვებისადმი. მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები მხოლოდ იმას ხედავენ, რისი მომლოდინეც არიან და რისი დანახვაც სურთ" -განაცხადა ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ.
ფსიქოლოგი შეეხო კომპლიმენტს, როგორც სასიამოვნო რამის თქმას ადამიანისადმი. ისაუბრა მის ჯადოსნურ ძალასა და დატვირთვაზე. თუკი ის გულწრფელია, აუცილებლად კეთილგანაწყობს ადამიანს. თუმცა, მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ფარისევლობასთან.
რაც შეეხება მანიპულაციას, ეს არის წინასწარ დაგეგმილი შედეგის მისაღწევად ვინმეზე მიზანმიმართული ზემოქმედება. საზოგადოებრივი აზრის, მასის მისწრაფებებისა და განწყობების იმგვარად დაპროგრამება, რომლის შედეგადაც მიიღწევა ისეთი ქცევა, როგორიც სჭირდება მანიპულირების საშუალებების მფლობელს.
ირინა ტაბუციძის თქმით, ყველა ადამიანში არის რაღაც განსაკუთრებული, გამორჩეული უნარი.საქმე იმაშია, რომ ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს ამას. თვითგამოხატვის საშუალება კი პრეზენტაბელურობაა, რაც გულისხმობს დადებითის წინ წამოწევასა და უარყოფითის მიჩქმალვას.
სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ლექციის მსვლელობაში და მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიიღეს.