არასამთავრობო ორგანიზაცია "ლგბტქი ასოციაცია-თემიდა"-ს ორგანიზებით დაიწყო სასწავლო კურსი თემაზე - "ეფექტური კომუნიკაცია და ინტერპერსონალური ურთიერთობები".
სასწავლო კურსს წარუძღვა სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი კობა ბიწაძე.
კურსის მიზანია ინტერპერსონალური ურთიერთობების ძირითადი თეორიების გაცნობა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების შედეგად მიღებული ცოდნისა და უნარების სხვადასხვა სახის ურთიერთობასა და ჯგუფში მიმდინარე პროცესში გამოყენება. ასევე ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გაუმჯობესება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება, გადაწყვეტილების მიღებისა და კონფლიქტების მოგვარებისათვის საჭირო უნარების ათვისება და მოსმენის ტექნიკის დახვეწა.
"კურსის მონაწილეები გაეცნენ სოციალური გარემოს აღქმის საკითხებს, გარდა ამისა თვითპრეზენტაციას, სტერეოტიპებსა და წინასწარგანწყობას. ზოგადად, სოციალური ფსიქოლოგია ის სფეროა, რომელიც იკვლევს და სწავლობს ადამიანებს და ამ საკითხების სიღრმისეული შესწავლა თითოეული ადამიანის კომუნიკაციის უნარს გააუმჯობესებს" - აღნიშნა ლექტორმა.
ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ისაუბრეს პირად გამოცდილებაზე.
ლექტორმა დამსწრე საზოგადოებას რამდენიმე სავარჯიშო შესთავაზა. განსაკუთრებული ყურადღება გაახვილა გარემოს, ფაქტებისა და მოვლენების აღქმასა და ადამიანის ინდივიდუალურ დამოკიდებულებაზე, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, შეცდომებამდე მივყავართ.
ფსიქოლოგ კობა ბიწაძის თქმით, ინდივიდებს ჭირდებათ მეტი ინფორმაცია, რათა მოახდინონ მოსაზრებების სწორად დემონსტრირება, თვითგამოხატვა და ისწავლონ თვითპრეზენტაცია.