მთაწმინდის პარკში ქუჩის მუსიკის ფესტივალი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 60-მდე მუსიკოსმა მიიღო.
პარკში განთავსებულ 2 სცენაზე ბენდები და სოლო მუსიკოსები დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი რეპერტუარით წარდგნენ.
"ფესტივალის მიზანია, ამ მუსიკოსებმა ხმა მიაწვდინონ მსმენელს და თავიანთი თავის პოპულარიზაცია მოახდინონ. ფესტივალი ტარდება არასამთავრობო ორგანიზაცია "დრონი"-სა და შემოქმედებით ჯგუფ "GOING FORWARD"-ის ორგანიზებით, რომელსაც წელს მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. ფესტივალი 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, 2014 წელს რეკორდული მაჩვენებელი - 400 მუსიკოსი მონაწილეობდა" - განაცხადა ჩვენთან საუბარში ორგანიზატორმა გიორგი გუგავამ.
შემოქმედებითი ჯგუფი "GOING FORWARD" არის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ღონისძიებისა და ფესტივალის ორგანიზებას ყოველგვარი დეტალის გათვალისწინებით. ჯგუფი საქართველოს ფარგლებში უკვე მეორე წელია საქმიანობს.
ორგანიზატორის თქმით, ეს არის დიდებული ფესტივალი მუსიკოსებისათვის, იმათთვის ვინც უკრავს, მღერის, ქმნის ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას. ეს არის, უბრალოდ, სასიამოვნო დღე მუსიკის მოყვარულთათვის, რომელთაც შეეძლებათ ერთი დღის განმავლობაში თვალი ადევნონ, მოუსმინონ, დატკბნენ მუსიკის ჰანგებით.
შეგახსენებთ, რომ ქუჩის მუსიკის დღე ყოველწლიური ფესტივალია ლიტვაში, რომელიც 2007 წელს ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. მაისის ერთ დღეს ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს მუსიკას. ეს არის დღე, როდესაც მთელი ლიტვა მუსიკის ჰანგების ქვეშ ერთიანდება. ფესტივალში 5000-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობს.
"ეს კარგი შანსია უცნობი მომღერლებისთვის, გახდნენ ცნობილები, ხოლო პროფესიონალ მუსიკოსების ეძლევათ შანსი, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა. ეს არის გარემო, სადაც მუსიკოსები ავლენენ გრძნობებს. ეს კარგი საშუალებაა, ამაღლდეს მუსიკის კულტურა საქართველოში, შემოქმედების სიყვარული ამცირებს ყოველგვარი რასიზმის გამოვლინებასა თუ დისკრიმინაციას" - ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.