საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია-კონცერტი "არა გაზპრომს!" გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მომღერლებმა და მუსიკალურმა ჯგუფებმა: ნიაზ დიასამიძემ, ეკო დეისაძემ, სანდრო სალუქვაძემ, ქეთათომ, ბორის დენისმა, ჯგუფმა "ეპილონმა", "გამოუვალმა მდგომარეობამ".
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, გაუგებარია, რისთვის ჭირდება საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკების წარმოება იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აზერბაიჯანი სტაბილური მომწოდებელია და ძალიან დიდი მარაგი აქვს.
"ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ურცხვად ატყუებდა საზოგადოებას, თითქოს ჩვენს მეგობრებს, აზერბაიჯანულ მხარეს არ შეუძლია მოგვაწოდოს გაზი. "გაზპრომის" შემოყვანა საქართველოში ენერგოუსაფრთხოების პრობლემების შექმნას ნიშნავს და, საერთოდ, უსაფრთხოებისა და ნაციონალური ინტერესების შეურაცხყოფას. "გაზპრომის" შემოყვანა ასევე ნიშნავს ეკონომიკური ინტერესების დათმობასა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას" - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა სერგო რატიანმა.
აქციაზე მომღერლებმაც გამოთქვეს პროტესტი აღნიშნულ საკითხზე.
"არ ვარ ღრმად ჩახედული გარკვეულ საკითხებში, მაგრამ არანაირი პრაგმატული მოსაზრება არ არსებობს იმისა, რომ რუსული გაზი ჩვენთვის მომგებიანი იქნება. ჩვენ ვალდებულები ვართ, შევიკრიბოთ, გამოვხატოთ ჩვენი აზრი, გავმიჯნოთ ვიწრო პარტიული ინტერესი და სახელმწიფოებრივი ინტერესი" - განაცხადა ქეთათო ჩარკვიანმა.
აქცია-კონცერტს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.