საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "სიყვარული და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები".
ლექციას წარუძღვა ფსიქოლოგი და "კამარას" ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე.
ღონისძიების ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ დღეს სტარტი აიღო საჯარო ლექციების ციკლმა სეუ-ში და ყოველკვირეულად მიწვეულ სტუმართან ერთად ისაუბრებენ საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
ფსიქოლოგმა საუბარი ზოგადი მიმოხილვით დაიწყო. ლექცია შეეხებოდა სიყვარულს, მის თავისებურებებსა და გამოხატვას.
რამდენადაც ლექციას ახალგაზრდები ესწრებოდნენ, მომხსენებელმა ძირითადი აქცენტი რომანტიკულ სიყვარულზე, განშორებასა და ურთიერთობის დაბალანსებაზე გააკეთა.
"ადამიანები სიყვარულზე გარკვეულ წარმოდგენას იქმნიან და მით უფრო მეტია ტკივილი, რაც მეტად ემთხვევა ურთიერთობა იმ წარმოდგენას, რასაც ადამიანები იქმნიან მასზე. სიყვარულის გლოვა იმით არის უფრო მტკივნეული, რომ ობიექტია ცოცხალი, ისტორია არ არის დასრულებული, ადამიანი იმედს იტოვებს, რომ ამბავი გაგრძელდება. ძნელია ურთიერთობის დასრულება, ადამიანები საწყის ეტაპზე საკუთარ თავს იდანაშაულებენ, შემდეგ კი იმართლებენ თავს".
მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც მსგავსი პრობლემით მიდიან მასთან თერაპიაზე, ის ურჩევს სიყვარულით ტკბობასა და კმაყოფილებას იმის გამო, რაც იყო, რადგან სიყვარული მარადიულია, უბრალოდ, ადამიანები იცვლებიან.
ლექტორმა ასევე ისაუბრა ურთიერთობის დასაწყისში აღტაცებაზე, რასაც ლოგიკურად მოსდევს სიმშვიდე და ადამიანს ერთვება ზრუნვის ინსტინქტი, რაც შედარებით ჩამოყალიბებული შეგრძნებაა.
"როცა კარგავს სიყვარულის ობიექტს, ადამიანი უნდა გადაერთოს რამეზე ან ვინმეზე. ხშირ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს ძაღლი. იმიტომ, რომ როცა ცხოველზე ზრუნავ, უვლი, აჭმევ, მას უყვარხარ და მისთვის ხარ ღმერთი. ამ დროს ყალიბდება უსაფრთხო დამოკიდებულება. ადამიანის სიყვარული კი ძალიან წინააღმდეგობრივია, შეიძლება, ყველაფერი გაუკეთო, მაგრამ მას სძულდე" -განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.
ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო. ლექციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ უამრავი კითხვა დაუსვა ფსიქოლოგს და საინტერესო პასუხები მიიღო.