ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ორგანიზაციის "სწავლის ხელშეწყობის ფონდი" საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის დამფუძნებლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები, მათ შორის ქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელიც ამ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ორგანიზატორები, რომლებმაც ფონდის საქმიანობა მიმოიხილეს. ფონდის დირექტორმა მანანა ხარხელმა მადლობა გადაუხადა ფონდის შექმნისთვის მომუშავე თითოეულ ადამიანს და აღნიშნა, რომ ფონდის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2005 წელს გაუჩნდათ, მაგრამ მაშინ ვერ განახორციელეს.
"ჩვენმა ფონდმა ჯამში ორმოცდაერთ სტუდენტს დაუფინანსა სწავლა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ერთი წლისთვის, იმედი მაქვს, ეს ფონდი არსებობას გააგრძელებს და შევძლებთ, განათლება მივცეთ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ამისთვის რესურსი არ ჰყოფნით" - განაცხადა მანანა ხარხელმა.
დავით ნარმანიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კერძო კომპანიებს, რომლებიც ფონდში გარკვეულ თანხას რიცხავენ ყოველი თვის ბოლოს იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სოციალური სტატუსი სწავლის საშუალებას არ აძლევს, მისი თქმით, ამ კომპანიების მაგალითს სხვებმაც უნდა მიბაძონ, რადგან კერძო კომპანიისთვის ათასი ლარი ძალიან დიდი ტვირთი არ არის, მაგრამ ეს თანხა დიდი შვებაა რამდენიმე სტუდენტისთვის.
"წელიწად-ნახევრის თავზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ იდეამ ნამდვილად გაამართლა, როგორც კი რესურსები გვიგროვდება, ვსხდებით და ვანაწილებთ შეგროვებულ თანხას იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც კარგი აკადემიური მოსწრებითა და ნაშრომებით გამოირჩევიან" - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ფონდის საქმიანობა პრეზენტაციით მიმოიხილა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სულხან მისულავამ, რომელშიც აღწერილი იყო ფონდის მიზნები, შედეგები და სამომავლო გეგმები. "სწავლის ხელშეწყობის ფონდი" 2014 წლის 19 სექტემბერს დაარსდა, მისი სტატუსი არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით, რაც გულისხმობს მათი სწავლის დაფინანსებასა და ყოველთვიური სტიპენდიების დანიშვნას. ფონდმა 2015 წლის გაზაფხულზე დააფინანსა თვრამეტი სტუდენტი, მეორე ეტაპზე 2015 წლის სექტემბერში - 22 სტუდენტი, ხოლო ერთ სტუდენტს დაუნიშნა სტიპენდია.
ღონისძიების ბოლოს მადლობის სერტიფიკატები გადაეცა სამ განსაკუთრებულ სპონსორს: ცეზარ ჩოჩელს, სოსო ფხაკაძესა და რამინ დავითაძეს "სწავლის ხელშეწყობის ფონდი"-ს აქტიური მხარდაჭერისთვის.