თსუ-ს 98 წლის იუბილე
08 თებერვალი, 2016
     თსუ-ს 98 წლის იუბილე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებიდან 98 წლის იუბილე აღნიშნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პროფესორები, სტუდენტები, მიწვეული სტუმრები და სხვა. ღონისძიებას უძღვებოდა თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. მან ისაუბრა უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და წვლილზე დაარსებიდან დღემდე და აღნიშნა, რომ ის არა მხოლოდ მნიშვნელობით, არამედ ისტორიულადაც ყველაზე დიდი უნივერსიტეტია.

"ფუნქცია ჩვენს უნივერსიტეტს ძალიან დიდი აქვს, ჩვენ გვაქვს მთავრობიდან სერიოზული მხარდაჭერა, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს პირველი ეროვნული სასწავლებელი გახდეს ევროპული სივრცის წევრი" - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ისაუბრა უნივერსიტეტის, როგორც პირველი საგანმანათლებლო დაწესებულების როლზე საქართველოში, მისი თქმით, უნივერსიტეტმა დამფუძნებლების ჩანაფიქრი გაამართლა და იგი დღესაც ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტია ქვეყანაში.

"იმ დროს საქართველოსთვის ამ უნივერსიტეტის შექმნა იყო გადაუდებლად საჭირო, ვისურვებდი, რომ ეს განათლების ცენტრი გაცდეს კავკასიის საზღვრებს და არაფერი არ შეიძლება იყოს ამის შემაფერხებელი, რადგან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ამისთვის ყოველგვარი მზაობა აქვს" - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური, მან ისაუბრა უნივერსიტეტზე, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვან ღირებულებაზე.
"98 წლის წინ დიდმა ივანე ჯავახიშვილმა ამ შენობაში პირველი ლექცია წაიკითხა, ასიოდე დღეში კი საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ ერთად მოვდივართ" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სიგელები გადასცეს თსუ-ს წარჩინებულ პროფესორებსა და აკადემიკოსებს. ღონისძიება დასრულდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაციით, ფილმის სახელწოდებაა "სათავეებთან" და მასში აღწერილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფაკულტეტის შექმნა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary