„აღმოსავლეთით“
11 თებერვალი, 2016
               „აღმოსავლეთით“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" თამთა მელაშვილის ახალი რომანის პრეზენტაცია გაიმართა.

"აღმოსავლეთით" - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ავტორთან ერთად მთარგმნელმა დავით გაბუნიამ წარადგინა.
დავით გაბუნიამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინა თამთა, როგორც ავტორი. მისი თქმით, თამთა ლიტერატურულ გვერდზე ჯერ ლექსებს წერდა, ხოლო შემდეგ პროზაზე გადავიდა, რამაც მკითხველის მოწონება დაიმსახურა.
"მახსოვს მისი პირველი ნახევარგვერდიანი მოთხრობა "დედა", საიდანაც მივხვდი, რომ აი, დაიბადა ახალი ავტორი, თუმცა, ბევრი არ იზიარებდა ჩემს აზრს, შემდეგ კონკურსში "წერო" დაიბეჭდა თამთას მოთხრობა "ერთი და ორი", სწორედ ამ ორი პატარა მოთხრობით გამოჩნდა ექსპრესიული ენის ავტორი" - აღნიშნა დავით გაბუნიამ.

დავით გაბუნიას თქმით, თამთას სადებიუტო წიგნმა "გათვლა" "საბას" პრემია აიღო, ხოლო შემდეგ მალევე ითარგმნა გერმანულ ენაზე და გერმანიაშიც დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ კი უკვე მეორე რომანი "აღმოსავლეთით" დაწერა.
"აღმოსავლეთით" არ არის დოკუმენტური რომანი, ეს არის მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ, თუმცა, ბუნდოვან თემას სიუჟეტის ხაზად იყენებს და ეს ისე ხდება, რომ წიგნის პერსონაჟები არ იკარგებიან, მთავარი გმირი ძალიან საინტერესო პერსონაჟია, თავისი ცხოვრებითა და ისტორიებით" - განაცხადა დავით გაბუნიამ.
ავტორმა ისაუბრა წიგნის დაწერის იდეასა და ისტორიაზე, მისი თქმით, იგი ელენე დარიანის ისტორიით წლების წინ დაინტერესდა, დაიწყო მოკვლევა ამ თემის ირგვლივ და, საბოლოოდ, ამ ინტერესმა წიგნის დაწერამდე მიიყვანა.

"ძალიან ადრე მქონდა გაგებული ვერსია ელენე ბაქრაძის შესახე, რომ ელენე დარიანი არის ელენე ბაქრაძე და არ არის პაოლო იაშვილი. 82 წლის მანძილზე ელენე ბაქრაძეს არასდროს უთქვამს, რომ ის იყო ამ თოთხმეტი ცნობილი ლექსის ავტორი, არც პაოლოს არ უთქვამს ის, რომ თვითონ იყო ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ პაოლომ წაიკითხა ეს ლექსები პირველად" - თქვა თამთა მელაშვილმა.
ავტორის თქმით, მან თავიდან დაწერა ბიორგრაფიული ტექსტი ელენე ბაქრაძის არსებობის შესახებ, რომელმაც დუმილის გამო არ გაამჟღავნა საკუთარი ლექსების ავტორობა. სწორედ ამ ამბავმა გადააწყვეტინა შემდეგ წიგნის პერსონაჟების მოგონება.

"წიგნში მოქმედი ყველა პერსონაჟი არის გამოგონილი, არავინ არ გადამიტანია რეალური ცხოვრებიდან. ჩემი პერსონაჟი, უბრალოდ, იძიებს ამბავს, რომელიც რეალურად მე გამოვიძიე" - აღნიშნა თამთა მელაშვილმა.
პრეზენტაციის დასასრულს ავტორმა რამდენიმე მონაკვეთი წაიკითხა წიგნიდან. დღეიდან წიგნის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary