ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ საჯარო ლექცია-დისკუსია გამართა თემაზე - "ქალი ლიდერი".
ანა დოლიძემ ისაუბრა სახელმწიფოში ქალი ლიდერის როლზე, მათ შესაძლებლობასა და უფლებაზე. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სჭირდება მეტი ქალი გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში, სწორედ იმიტომ, რომ მათ მოაქვთ სხვა ხედვა, სხვა ინტერესები, სხვა სიახლეები და სხვა რეალობა.
ანა დოლიძის თქმით, ქალთა ლიდერობის დასაბუთება სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ, პირველი - ეს არის ნორმატიული დასაბუთება, რადგან ეს ასე უნდა იყოს, საქართველოში ქალები არიან მოსახლეობის უმრავლესობა, ამიტომ, მათ სრული უფლება უნდა ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხებში, რომლებიც საზოგადოებას ეხება. მეორე დასაბუთება ის არის, რომ ჩვენ გვინდა, ვცხოვრობდეთ ისეთ საზოგადოებაში, რომელშიც თითოეულ წევრს შესაძლებლობა ექნება, თვითონ აირჩიოს საკუთარი მომავალი და მესამე - ქალებს მაგიდასთან მოაქვთ მამაკაცებისგან განსხვავებული დამოკიდებულება, განსხვავებული პერსპექტივა, განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებულობა არის ის, რაც უკეთესს ხდის იმ საზოგადოებას, რომლის შექმნაშიც ქალები და მამაკაცები ერთად მონაწილეობენ.
ლექცია-დისკუსიაზე ანა დოლიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ისეთ ქალ ლიდერებზე, როგორებიც არიან მარგარეტ ტეტჩერი, ანგელა მერკელი, დილმა რუსეფი და ბენაზირ ბხუტო. მან ისაუბრა მათ განვლილ გზაზე, მათ მიღწევებსა და არაერთ წინაღობაზე. მისი თქმით, ეს ქალები სამაგალითო არიან არამხოლოდ მთელი მსოფლიოს ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც.
"ფრაზა, რომელიც ყველაზე ხშირად მესმის არის: "ამას ვერ შეძლებთ, ქალბატონო ანა", სწორედ ამიტომ, ჩემი ოცნებაა, ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომ როდესაც ბავშვს დაუსვამენ კითხვას, თუ ვინ უნდა რომ გახდეს, კოსმონავტი, მასწავლებლი თუ პრეზიდენტი, ამ ბავშვს ჰქონდეს რეალური იმედი ამ პასუხის განხორციელებისა, მიუხედავად იმისა, ის გოგო იქნება თუ ბიჭი" - აღნიშნა ანა დოლიძემ.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი გენდერის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და აქვე გამოფენილი იყო ქალ სამხედრო მოსამსახურეთა მოღვაწეობის ამსახველი ოცამდე ფოტოსურათი. შეხვედრას თსუ-ს რექტორის მოადგილე დარეჯან თვალაძე, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ. ლექცია-დისკუსიაზე მიწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.