ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა სტუდენტებსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორ ნენსი მარლინს შორის.
ნენსი მარლინმა სტუდენტებს ამერიკული განათლების სისტემა გააცნო და სხვადასხვა სპეციალობაზე ესაუბრა მათ.
"ჩვენი უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაერთოს ჩვენს პროგრამებში, უცხოელი სტუდენტები კი ამის კარგი მაგალითია" - აღნიშნა ნენსი მარლინმა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების მიზნით. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. პროგრამები ხორციელდება საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
2016 წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს ქართველ სტუდენტებს:
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, ქიმია და ბიოქიმია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ელექტრო ინჟინერია და კომპიუტერული ინჟინერია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, ქიმია და ბიოქიმია.
ნენსი მარლინის თქმით, აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს მოამზადებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დარგებში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის. სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე. ლექციებს ატარებენ SDSU-ამერიკელი პრიოფესორები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კალიფორნიაში გადამზადებული ქართველი პროფესორები.