ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები საპროტესტო აქციას განაგრძობენ.
ისინი მოითხოვენ კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას. ცნობილია, რომ გიორგი გაფრინდაშვილი დიდიხნის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის თვითმმართველობის აქტიური წევრი. სტუდენტები თვითმმართველობას თანხის არაგეგმიურად ხარჯვაში ადანაშაულებენ და ამ ინსტიტუტს ძალადობრივს უწოდებენ. მათი აზრით, გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევის შემთხვევაში თვითმმართველობის პოზიციები უფრო გამყარდება. თსუ-ს პირველი კურსის სტუდენტმა ნიკა მჭედლიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:
"სტუდენტები სწორად, ღირსეულად, კონსტიტუციურად ვაპროტესტებთ გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევას. შეგახსენებთ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი არის ადამიანი, რომელიც გასულ წლებში წარმოადგენდა სტუდენტურ თვითმმართველობას, გარდა ამისა, იგი 2011 წელს ღიად აფარებდა ხელს თვითმმართველობის ძალადობას. რაღა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც არსებობს. დაუშვებელია, კანცლერი იყოს ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში ძალადობას აფარებდა ხელს".
მისი თქმით, სტუდენტები უსამართლობას აპროტესტებენ და არ ასრულებენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაკვეთას:
"პირველი - ჩვენ არ გყვავს არავითარი სახის ლიდერი, ჩვენ ყველა გაგვაერთიანა დიდმა სტუდენტურმა პრობლემამ და მეორე - ჩვენ არ ვასრულებთ არავითარი პოლიტიკური პარტიისა თუ ვინმე პოლიტიკური ლიდერის დაკვეთას. არც პარტიულები ვართ, როგორც ეს ზოგიერთმა ,,პროფესორმა" გვიწოდა".
ამჟამად სტუდენტები თათბირობენ იმაზე, თუ პროტესტის რა ხერხებს მიმართავენ მომდევნო დღეებში. მათი თქმით, მოთხოვნები უცვლელია: "მოხსნას გიორგი გაფრინდაშვილა კანდიდატურა კანცლერობიდან და თავიდან დაინიშნოს არჩევნები, რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება სტუდენტებს შორის; დაუყონებლივ გაიყვანოს სახელმწიფომ უშიშროების თანანშრომლები უნივერსიტეტიდან; ავტონომია უნივერსიტეტს!"
აქციას ილიაუნის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათი აზრით, ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა და შესაძლოა იგივე სხვაგანაც გამეორდეს.
რამდენიმე საათის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადება გავრცელდა. მან გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნისაკენ მოუწოდა:
"მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას".