ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა პროტესტი გრძელდება.
დღეს მათ უნივერსიტეტის რექტორი და დეკანები შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ხვალ 12 საათზე სტუდენტთა აქციის პარალელურად თვითმმართველობის აქციაც იმართება. სტუდენტები, რომლებიც თვითმმართველობის წინააღმდეგ იბრძვიან, კონტრაქციას პროვოკაციად მიიჩნევენ.
"ჩვენ აქ ვართ ოთხი დღეა, ღამეს ვათევთ, არცერთი ექსცესი არ მომხდარა, აქცია არ შეგვიწყვიტია, თვითმმართველობის აქცია არის კონტრაქცია, პროვოკაციაა აქციის იმავე დროს გამოცხადება, პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ" - თქვა თსუს სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.
რექტორ ლადო პაპავას თქმით, ხვალ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება მიღებული:
"უნივერსიტეტი არის ღია სივრცე, აქ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება და ეს მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტები არ გადადგამენ ნაბიჯს ესკალაციისკენ".
დეკანებს უხდებოდათ პასუხის გაცემა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა, მაგალითად, ვის დაუჭერენ მხარს ხვალინდელ აქციაზე. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ირაკლი ბურდულის, პასუხს, რომ ორივე მხარეს ერთნაირად დაუდგება მხარში, სტუდენტთა აღშფოთება მოჰყვა. მას სამართლის "უსამართლო" დეკანი უწოდეს.
"ხვალ ვიქნები მე ყველას გვერდით, თქვენ გვერდითაც და თვითმმართველობის გვერდითაც, ყველა სტუდენტის გვერდით" - განაცხადა ირაკლი ბურდულმა.
სტუდენტთა ერთ-ერთი მოთხოვნაა პერსონალს, რომელსაც დამატებით უწევს მუშაობა უნივერსიტეტში შექმნილი ვითარების გამო, ზედმეტი საათები აუნაზღაურდეს. ლადო პაპავამ ამის შესახებ აღნიშნა:
,,მომავალ ორშაბათს შევიკრიბებით და იმ ფარგლებში, რასაც განსაზღვრავს უნივერსიტეტის წესდება, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ".
მთავარ მოთხოვნად რჩება გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა კანცლერის თანამდებობაზე.