დღეს 12 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ერთმანეთის პარალელურად ორი აქცია გაიმართა.
აქცია გამართა თსუ-ს თვითმმართველობამ და მასთან დაპირისპირებულმა სტუდენტთა ჯგუფმა. დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. როგორც სტუდენტური აქციის მონაწილემ მარიამ თეზელაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თსუ-ში სიტუაცია დაძაბულია:
"სრული პანიკაა, კონტრაქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ვეღარ აკონტროლებენ თავიანთ მხარდამჭერებს, არიან დაშავებულები, ახალგაზრდებს სჭირდებათ წამლები და სამედიცინო დახმარება. ექიმები შეუშვეს, თუმცა, სიტუაცია არ იცვლება. მაშინ, როცა აქციის მონაწილეები მოუწოდებენ და სთხოვენ პოლიციას, რომ შევიდნენ შიგნით და სცადონ სიტუაციის დასტაბილურება, ისინი სხედან ეზოში მშვიდად სკამებზე და საუბრობენ, სიტუაცია უმართავია. არიან გაურკვეველი პირები ნიღბებით, თუმცა, არც ნიღბიანების გაგებაზე გაქცეულა პოლიცია უნივერსიტეტში, არ ვიცი, რატომ იქცევიან ასე, გაუგებარია".
თსუ-ს სტუდენტის, გიო კოხოძის, თქმით:
"დღეს მოხდა ის სამწუხარო ფაქტი, რომელსაც, პრინციპში, ველოდით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით პროვოკაციისგან თავის შეკავებას. ორივე აქცია თსუ-ს პირველ კორპუსთან გაიმართა, თვითმმართველობის პოზიცია ბუნდოვანი და არაარგუმენტირებული იყო. ამ აქციამ წარმოაჩინა მათი რეალური სახე. ადამიანებმა, რომლებმაც არ იცოდნენ მათ შესახებ, ყველაფერი გაიგეს. ისინი უკანა მხრიდან შეიჭრნენ და სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში იყვნენ გამაგრებულნი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიცია რეაგირებას არ ახდენს, იმედია, იმოქმედებს. უნივერსიტეტში ამ დრომდე იმყოფება პოლიცია, რომელიც სტუდენტებს არ უშვებს უნივერსიტეტის შენობაში. თსუ-ში ამ დრომდე არეულობაა".
თსუ-ს სტუდენტების პროტესტს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან:
"ის პროტესტის ტალღა, რაც ახლა უნივერსიტეტშია წარმოქმნილი, მარტო მათი პრობლემა არ არის, ეს არის ყველა სტუდენტის და სამართლიანობისათვის მებრძოლი ადამიანის პრობლემა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ თავისუფალ საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკურად ჩანერგილი უცოდინარი პერსონების არსებობა დაუშვებელია, როგორც დაუშვებელია კომკავშირული გადმონაშთის თვითმმართველობის არსებობა. მე თავს ვალდებულად მივიჩნევ, ვიყო ამ სამართლიანი პროტესტის მონაწილე" - გვითხრა კონსერვატორიის სტუდენტმა თიკო კვალიაშვილმა.