თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ახალგაზრდა რეჟისორის, გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი "13 თიბათვისა" გაიმართა.
სპექტაკლში გამოძახილი ჰპოვა 13 ივნისს მომხდარმა ტრაგედიამ. რეჟისორმა გვიჩვენა, რა იგრძნეს უეცრად მოვარდნილი წყლის წინაშე მარტო დარჩენილმა ადამიანებმა, ცხოველებმა. ამ ძირითადი სიუჟეტური ხაზის გარდა, მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ფემინიზმი, პატრიარქატი, მშრომელთა უფლებები, ურბანული პრობლემები.
რეჟისორის თქმით, 13 ივნისის ტრაგედიამ დაბადა ის იმპულსი, რამაც, საბოლოოდ, ეს პროექტი შექმნა: ,,არ ვიცი შთაგონების წყარო რამდენად შეიძლება ეწოდოს ტრაგედიას, მაგრამ თუ გულახდილად ვიტყვი, ნებისმერი ასეთი შეგრძნება, მათ შორის ტრაგიკულიც, ბადებს რაღაც იმპულსებს, რაც შთაგონებაში გადაიზრდება ხოლმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარკვეულწილად 13 ივნისის ტრაგედიამ დაბადა ჩემსა და მსახიობებში ის იმპულსი, რამაც ეს პროექტი შეგვაქმნევინა".
პიესის სათქმელის შესახებ გურამ მაცხონაშვილმა აღნიშნა: "რაც შეეხება მთავარ სათქმელს, მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ, პირველ რიგში, ვეცადეთ ის გვეჩვენებინა, რომ სიმაღლე, რომელიც პარტერსა და სცენას შორისაა, ფორმალურია. მსახიობები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან ისე, როგორც ნებისმიერი სხვა პარტერში მჯდომი ადამიანები. ერთ-ერთი მონაწილე დასაწყისში ამბობს, რომ თეატრი არ არის ადგილი, სადაც მორალი უნდა წაგიკითხონ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ სადისკუსიო ველი წამოვჭრათ, სადაც ვილაპარაკებთ ხალხის პრობლემებზე. მივიჩნევ, რომ თეატრი უნდა იყოს ძალიან ღია სივრცე იმაზე სასაუბროდ, რაც ხდება ჩვენ გარშემო. როგორც წესი, თეატრი წარმოუდგენიათ ხოლმე ადგილად, სადაც ხატოვან, მაღალფარდოვან თემებსა და საკითხებზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ის ძალიან სოციალური სივრცეა და ზუსტად იმის ანარეკლი უნდა იყოს, რაც ხდება მის მიღმა ყოველდღიურ ცხოვრებაში".
სპექტაკლის დასრულების შემდეგ რეჟისორი შთაბეჭდილებებზე გვესაუბრა:
"მე ვფიქრობ, რომ ძალიან მგრძნობიარე პიესაა, ამიტომ ბევრი რამ არის დამოკიდებული მაყურებელზე, როგორი მაყურებელი აკვირდება კონკრეტულ სცენას. თამამად ვიტყვი, რომ დღეს ცოტა ჩვენ დავაშავეთ, ცოტა - მაყურებელმა. ზოგი რამით უკმაყოფილო ვარ, თუმცა, მომწონს ის ფაქტი, რომ ერთმანეთზე ძალიან არის მიბმული მაყურებლისა და სპექტაკლის ემოციები. ვფიქრობ, როგორი მუხტიც წამოვა სცენიდან, ისეთივე მუხტი წამოვა პარტერიდან".
ჩვენ ასევე გავესაუბრეთ მსახიობებს, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ამ სპექტაკლში მონაწილეობა:
"ძალიან მიხარია, რომ ამ სპექტაკლში მოვხვდი და ერთ-ერთი მონაწილე ვარ, თუმცა, თემა ისეთი მძიმე, ტრაგიკული და მტკივნეულია, ემოციურად ძალიან დათრგუნულები ვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. საინტერესო ექსპერიმენტია ჩვენთვის, რადგან იმაზე გაცილებით დიდ აუდიტორიაზეა გათვლილი, ვიდრე ჩვენ ვთამაშობთ ხოლმე. ვფიქრობ, სპექკტაკლიც საინტერესო გამოვიდა" - გვითხრა მსახიობმა ნათია შეშაბერიძემ.
მაყურებელი ემოციებს ვერ მალავდა:
"აღფრთოვანებული ვარ, ძალიან კარგია, რომ თეატრში ხდება ასეთი თემების გაჟღერება. მოხარული ვიქნები, თუ კიდევ გაკეთდება მსგავსი რამ. არაჩვეულებრივი იყო" - აღნიშნა მარიამ ბიბილაშვილმა.