"ეს შენ გეხება, ისევ გვითვალთვალებენ, ისევ ავრცელებენ" - ამ სახელწოდების აქცია დაიწყო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან, აქციის მონაწილეებიის მსვლელობა მთავრობის კანცელარიამდე გაგრძელდა, სადაც ორგანიზატორები და მონაწილეები სიტყვით გამოვიდნენ.
აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები. ისინი პლაკატებითა და ბანერებით ერთხმად გმობდნენ თვალთვალს, მიყურადებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას.
"ამ ტიპის ქმედება არის დანაშაული, რომელიც ეხება თითოეულ ჩვენგანს, ეხება ჩვენს პირად ცხოვრებას და არ შეიძლება, ეს გაგრძელდეს, დაუშვებელია სხვა ადამიანების საძინებელში შეხედვა და, მითუმეტეს, ამის გადაღება და შემდეგ გასაჯაროება" - განაცხადა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ.
"დღევანდელი აქცია არის გაგრძელება იმისა, რაც დღეს არ დაწყებულა, მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანები არიან ცნობილი პირები თუ რიგითი მოქალაქეები, ეს ყველას ეხება და სწორედ ამიტომ ეს პროტესტი არის კანონიერი, რადგან უკანონობის წინააღმდეგ არის მიმართული" - აღნიშნა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.
"პროფკავშირები ვუერთდებით ამ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ადამიანების ცხოვრებაში უხეში ჩარევა, რაც უნდა შეწყდეს" - განაცხადა პროფკავშირების წევრმა მარინა კურტანიძემ.
"ეს უნდა გავაპროტესტოთ, რადგან ჩვენ ყველას გვეხება, ეს არ არის ევროპული მომავლის მქონე ხელისუფლების ქმედება, ეს სიბინძურეა, რაც აუცილებლად უნდა დავგმოთ და დავამარცხოთ" - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა.
"ამ ვიდეოების გავრცელებით ცდილობენ საზოგადოებაზე ზეწოლას, თუმცა, ვერავინ ვერავის შეაშინებს, რადგან ამ ვიდეოებს ფასი არ აქვს" - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი პირადი ცხოვრებით პოლიტიკოსები ებრძოდნენ ერთმანეთს, არც ის გვინდა, არჩევნების დროს ხმა მივცეთ იმის მიხედვით, ვის როგორი პირადი ცხოვრება აქვს, პირიქით, ხმას მივცემთ პირადი ცხოვრების მიღმა პოლიტიკურ საქმიანობას" - განაცხადა საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძემ.
"გამოაქვეყნეთ, გაავრცელეთ, შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ, აქ ვართ და არ გვეშინია, არც არსად წასვლას ვაპირებთ, ეს არის ჩემი პასუხი მათთვის, ვინც მემუქრება, რომ თუ არ წავალ ჟურნალისტიკიდან, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაავრცელებს" - აღნიშნა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.
მოძრაობამ "ეს შენ გეხება" კამპანია განაახლა ფარული თვალთვალის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამო. 2012 წელს "ეს შენ გეხებას" წყალობით შეიქმნა თანასწორი საარჩევნო გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს და არ უტოვებდნენ ადამიანებს პირად სივრცეს. დღევანდელი აქცია ამ მოვლენების გაგრძელება იყო, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიანად დასრულდა.