სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის "საარჩევნო პროცესების გაძლიერება" ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართა დისკუსია თემაზე - "შრომითი უფლებები საქართველოში".
მომხსენებლები იყვნენ: ამირან ზენაიშვილი - სამართლის დოქტორი და საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და ლინა ღვინიანიძე, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორია. მოდერატორი იყო კახა ურიადმყოფელი, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წარმომადგენელი.
ლინა ღვინიანიძის თქმით, ამგვარი დისკუსიები მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში დასაქმებულთა უფლებებზე იშვიათად მიმდინარეობს მსჯელობა:
"სამწუხაროდ, დასაქმებულთა უფლებები ამოღებულია დღის წესრიგიდან, ეს არ არის საკითხი, რომელზეც მედია, საზოგადოება, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს და როდესაც გაფიცულები პროტესტს იწყებენ, მხოლოდ მაშინ ვიგებთ, რომ თურმე ეს პრობლემა არსებობს".
მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში ცუდი სამუშაო პირობების გამო დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი საკმაოდ დიდია:
,,თუ თქვენ ნახავთ სტატისტიკას 2009 წლიდან დღემდე, სამუშაო პირობების გამო ყოველწლიურად იღუპება 40 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა შემთხვევები კიდევ უფრო მაღალია 60-80 ადამიანამდე, მთავარი ადგილები, სადაც ხდება გარდაცვალება და დაშავება - ეს არის მძიმე ინდუსტრია და მშენებლობა".
მან ასევე ყურადღება გაამახვილა არსებულ კანონმდებლობაზე:
,,დღეს გვაქვს მეტ-ნაკლებად ნორმალური კანონმდებლობა, ეს არის რეალობა, რაც აქამდე არ გვქონდა, თუმცა, ამას სჭირდება მექანიზმი, რომელიც, ერთი მხრივ, ამ კანონმდებლობას გააკონტროლებს და, მეორე მხრივ, აღასრულებს".
ლინა ღვინიანიძემ ხაზი გაუსვა სტუდენტური ბრძოლების მნიშვნელობას სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ:
"ძალიან ბევრი მუშა ჩამოდიოდა ტყიბულიდან აუდიტორია 115-ის მხარდასაჭერად, რადგან მათ ახსოვდათ სტუდენტების თანადგომა. მე მგონია, რომ ეს სტუდენტური პროტესტი და ბრძოლა სოციალური სამართლიანობისათვის უნდა გაცდეს თსუ-ს და სხვა უნივერსიტეტებიც უნდა გახდეს ადგილი, სადაც სტუდენტები შეძლებენ კონსოლიდაციას".
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კითხვები დაესვათ მომხსენებლებისთვის. მათი თქმით, დისკუსია პროდუქტიული იყო:
,,დღევანდელი დისკუსია ნამდვილად ნაყოფიერი იყო. შევძელით კითხვებზე შესაბამისი პასუხების მიღება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია" - აღნიშნა დამსწრე თორნიკე ცაცაბაშვილმა.