გალერეა "Black and white"-ში ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის, ბესო დარჩის, გამოფენა "სტიგმა" გაიხსნა.
"სტიგმა" ბესო დარჩიას პირველი პერსონალური გამოფენაა, გამოფენაზე წარმოდგენილია ის ნამუშევრები, რომლებიც განადგურებას გადაურჩა, ძირითადად, დოკუმენტალისტური ფოტოები და პორტრეტები, მოქალაქეები ობიექტივში და ერთი კადრით გადმოცემული ამ ადამიანების რეალობა.
გამოფენას ორგანიზატორობა გაუწია მისმა მეგობარმა დინა ოგანოვამ, მისი თქმით, ბესოს ძალიან უყვარდა ის, რასაც აკეთებდა, ამიტომ შეუძლებელია, არ შეიგრძნო ის დიდი ტკივილი და სევდა, რაც მის ნამუშევრებში დევს.
"ძალიან ახლოს მიდიოდა ადამიანებთან, რომლებსაც იღებდა, მათი ისტორიები იმდენად აინტერესებდა, ხანდახან მეგონა, რომ იმ ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობდა" - აღნიშნა დინა ოგანოვამ.
"ჩემი აზრით, ბესო იმ რეალობას იღებდა, რომელიც მისთვის ყველაზე მტკივნეული იყო, უდაოდ დრამატული ფოტოებია, შეუძლებელია, არ იმოქმედოს თითოეულმა კადრმა ან არ დაგაფიქროს ამ ადამიანების ყოფაზე" - აღნიშნა ფოტოგრაფმა ნატა რომანოვსკაიამ.
"ძალიან მძიმეა თითოეული კადრი, ბესო, ძირითადად, შავ-თეთრში იღებდა და ამით კიდევ უფრო ამძაფრებდა შთაბეჭდილებას, არცერთი კადრი არ არის უშინაარსო, ყველა ძალიან მძიმედ გვესაუბრება" - გვითხრა ფოტოგრაფმა ტატა რობიტაშვილმა.
ბესო დარჩიას ცხოვრებაში ფოტოგრაფია 2005 წლიდან შემოდის, მან მუშაობა დაიწყო პორტრეტებსა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე. მისი ფოტოები გამოფენილი იყო სხვადასხვა გამოფენის ფარგლებში, ასევე საზღვარგარეთაც. ერთ-ერთი ბოლო გამოფენა იყო შვედეთში 2012 წელს. ბესო დარჩიას ფოტოები ასევე შეტანილია წიგნში "ქართული ფოტოგრაფია".