ვლადიმერ პაპავა თანამდებობას 1 მაისს დატოვებს
30 მარტი, 2016
 ვლადიმერ პაპავა თანამდებობას 1 მაისს დატოვებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადება 1 მაისიდან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

რაც შეეხება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებას - იგი გააგრძელებს კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულებას უწყვეტ რეჟიმში არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა, რათა უზრუნველყოფილი იყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა და უნივერსიტეტში შეუფერხებელი სასწავლო პროცესი. 

თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც, მხოლოდდამხოლოდ, უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. "მე გამოვდივარ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა გადადგომის შესახებ, რომელიც ძალაში შევა 1 მაისიდან. ერთი თვე საჭიროა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად. ეს ერთი თვე მე ვასრულებ რექტორის ფუნქციას და ვამზადებ მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც უნივერსიტეტში ხდება. ყველა სტუდენტი ჩვენი სტუდენტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესი არ შეწყდეს და გაგრძელდეს სამეცნიერო კვლევები. მე ვიცი, რომ ახალგაზრდებს უყვართ უნივერსიტეტი. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო აკადემიურმა საბჭომაც - არაუგვიანეს პირველი ივლისისა აკადემიური საბჭო შეწყვეტს საქმიანობას და გამოცხადდება აკადემიური საბჭოს ახალი არჩევნები" - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 

აკადემიური საბჭოს წევრ ქეთევან მარშავას განცხადებით, "აკადემიური საბჭო გადადგება პირველი ივლისიდან, რადგან მანამდე აკადემიურმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და კანცლერის არჩევნების ჩატარება. ამის შემდეგ აკადემიური საბჭო შეწყვეტს თავის უფლებამოსილებას".

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მაისამდე გაიმართება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები, რომელსაც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის თანახმად, ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary