არტ-კაფე "ნოველაში" ინტერაქციული გამოფენა "მე ვარ შენ" გაიხსნა.
გამოფენაზე მხატვარმა ლევან სამნაშვილმა და მწერალმა ეკა ქევანიშვილმა კოლაბორაციული ნამუშევრები წარმოადგინეს, რაც გამოიხატება მხატვრის თვალით დანახულ სამყაროში მწერლის ინტერაქციით. ლევან სამნაშვილის ნახატებთან ერთად გამოფენილი იყო ეკა ქევანიშვილის მიერ ამ ნახატებზე დაწერილი ტექსტები, რომლებიც მისივე თქმით, მისი სუბიექტური ხედვაა ამ ნახატებზე.
როგორც ლევან სამნაშვილმა თქვა, ეს ერთობლივი გამოფენის იდეა გულისხმობდა იმას, რომ მწერალს გამოეხატა მის ნახატებზე წერილობითი აზრი და შემდეგ ორივე ნამუშევარი ერთ სივრცეში გამოეფინათ.
"აქ გამოფენილი ნახატებს ორი წლის განმავლობაში ვქმნიდი, 2014 წლიდან დღემდე და რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, კოლაბორაცია გამეკეთებინა მწერალთან ერთად, ზოგი ტექსტი ჩემს ნახატებზე მეტადაც კი მომწონს, უცხო თვალით რომ გითხრათ" - აღნიშნა ლევან სამნაშვილმა.
"ისე მომეწონა ეს ნახატები და მინაწერები ერთად, რომ ვფიქრობ, ყველა ნახატსა და ფოტოს უნდა გაუკეთდეს მსგავსი ტექსტი, რომელიც უფრო კარგად იძლევა აღქმის საშუალებას და ერთიორადაც ამძაფრებს ეფექტს" - გვითხრა დამთვალიერებელმა გიორგი ჟამერაშვილმა.
"საოცარი ნახატებია, სითამამესთან ერთად ისინი სიმართლესაც გამოხატავენ, ჩვენ ხომ არ ვართ იდეალური, ამიტომ ვუფასებ მხატვარს ასეთ ხედვას" - აღნიშნა დამთვალიერებელმა დინა აფციაურმა.
ინტერაქციული გამოფენის იდეა გულისხმობს საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლების ჩართვას, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, ნებისმიერ ნახატსა და ტექსტზე საკუთარი მოსაზრება ან შთაბეჭდილება ეთქვათ, ხმას დიქტოფონის მეშვეობით წერდნენ და გამოფენის დასასრულს გააჟღერებდნენ. სწორედ ეს იყო მხატვრისა და მწერლის ჩანაფიქრი, რომ მოსულ სტუმრებთან ერთად საერთო საგამოფენო სივრცე შეექმნათ.