თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ირანული ახალი წელი, ნოვრუზი, აღინიშნეს.
ირანული მიმართულების სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი წლის მოსვლა საახალწლო ზღაპრით მიულოცეს. მათ წაიკითხეს სპარსული პოეზიის შედევრები და სტუმრებს სპარსული კულტურა გააცნეს. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოჯთაბა ქამრანფარდი, უნივერსიტეტის რექტორი გურამ ჩიქოვანი, აზია-აფრიკის ინსტიტუტის დეკანი თინათინ ქაროსანიძე, ასევე თავისუფალი და სხვა უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. ჩვენ ირანული მიმართულების სტუდენტს, ნიკო ქელბაქიანს, გავესაუბრეთ:
"თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ირანული მიმართულების სტუდენტები ყოველ წელს ვატარებთ კულტურულ ღონისძიებას რომელიმე ირანულ დღესასწაულზე. წელს ჩვენი ღონისძიება დავუკავშირეთ ნოვრუზს, ირანულ ახალ წელს, რომელიც 20-21 მარტს აღინიშნება გაზაფხულის დადგომასთან ერთად. ამ ღონისძიებაზე სტუმრებს ვაცნობთ ირანულ კულტურას, პოეზიას, ადათებსა და ჩვეულებებს. წელს წარმოვადგინეთ ირანული საახალწლო ზღაპარი და, წესისამებრ, სპარსული პოეზიის შედევრები. მგონი, დამსწრე საზოგადოებასაც ძალიან მოეწონა".
დღევანდელი საღამო დამსწრე საზოგადოებამ მოიწონა, ერთ-ერთი სტუდენტის, მარიამ ჭეღელიძის, თქმით: "ირანულ ახალ წელს ყოველწლიურად აღნიშნავს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის სკოლა, ირანული ენის მიმართულების სტუდენტებმა არაჩვეულებრივი თეატრალური დადგმა შემოგვთავაზეს, ძალიან საინტერესო იყო არაპროფესიონალების მიერ შესრულებული ეს ზღაპარი, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოუვიდათ. ასევე არაჩვეულებრივი იყო ირანულ-ქართული პოეზიის შერწყმა, ზოგიერთი ლექსის თარგმანი სწორედ ჩვენსავე სტუდენტებს ეკუთვნოდათ".