ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობის შესახებ
14 აპრილი, 2016
ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობის შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა ალექსანდრე ქართველის, იგივე ალექსანდრე ქართველიშვილის მოღვაწეობის შესახებ.

ლექცია გამართა "ალექსანდრე ქართველის საზოგადოების" დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა. მან ისაუბრა ალექსანდრე ქართველის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე, მის საქმიანობასა და მიღწევებზე.

1917 წელს ალექსანდრე ქართველი იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოხვდა არტილერისტთა ჯგუფში, სადაც დაინტერესდა ავიაციით. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ ქართველი სასწავლებლად გაუშვა პარიზის უმაღლეს საავიაციო სასწავლებელში, რომელიც მან წარჩინებით დაამთავრა. 1921 წელს საქართველოს ანექსიის შემდეგ ალექსანდრე ქართველი იძულებული გახდა, დარჩენილიყო პარიზში. 1927 წელს ამერიკაში მყოფმა ქართველებმა ალექსანდრე ქართველს რეკომენდაცია გაუწიეს და იგი ამერიკაში სამუშაოდ და საცხოვრებლად გადადის.

იგი აქტიურად მოღვაწეობდა საავიაციო სფეროში, 1939 წელს მეორე მსოფლიო ომისთვის ალექსანდრე ქართველიშვილმა პ-47 შექმნა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ომის დასრულებაში. შემდეგი თვითმფრინავის მოდელები იყო პ-84 და პ-105. ჯამში ალექსანდრე ქართველმა 15-ზე მეტი თვითმფრინავის მოდელი აწარმოა. 

ლელა ქართველიშვილი აქტიურად ხელმძღვანელობს ალექსანდრე ქართველის საზოგადოებას, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, მისი თქმით, ისინი ყოველ 9 სექტემბერს ალექსანდრე ქართველის პატივსაცემად ავიაშოუს მართავენ. სწორედ ამ საზოგადოების წყალობით ბათუმის აეროპორტს მიანიჭეს ალქესანდრე ქართველის სახელი.

"დღევანდელი ლექცია მხოლოდ ალექსანდრე ქართველს ეხებოდა, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ მისი, არამედ სხვა ბევრი ცნობილი ქართველების პოპულარიზაციას, რომლებსაც, სამწუხაროდ, საკუთარ ქვეყანაში არ იცნობენ" - აღნიშნა ლელა ქართველიშვილმა.

ლექციის ბოლოს გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელშიც არწერილი იყო ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავების საომარი ისტორიები. დოკუმენტურ ფილმში აჩვენეს ალექსანდრე ქართველის იშვიათი კადრები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary