14 აპრილს 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის კანდიდატურების წარდგენის ვადა ამოიწურა.
თსუ-ს კანცელარიაში განცხადება შვიდმა კანდიდატმა შეიტანა: მერაბ ელიაშვილმა (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე), ინესა მერაბიშვილმა (თსუ-ს პროფესორი), ცირა ბარამიძემ (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანმა (თსუ-ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძემ (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე), ალექსანდრე ჩხიტაურმა (სამართლის დოქტორი, თსუ-ს რექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში) და გიორგი ანდრიაძემ (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
თსუ-ს საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ორი კანდიდადატი. "მერაბ ელიაშვილი და ინესა მერაბიშვილი არ აკმაყოფილებენ "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი" - ნათქვამია საარჩევნო კომისიის 14 აპრილის სხდომის ოქმში. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ცირა ბარამიძე და ლევან გორდეზიანი. ხოლო დარეჯან თვალთვაძის, ალექსანდრე ჩხიტაურის და გიორგი ანდრიაძის რეგისტრაციის საკითხზე საარჩევნო კომისია ხვალ იმსჯელებს.
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები თსუ-ში 20 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.