სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - "სტუდენტური მოძრაობა სისტემური ცვლილებებისთვის".
დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ქეთევან ვასაძე, ილიაუნის პროფესორი გიორგი მაისურაძე და ნეირომეცნიერებათა დოქტორი ლიკა ღლონტი, ასევე თბილისისა და რეგიონების უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სტუდენტები.
მომხსენებლებმა ბოლო პერიოდში თსუ-ში განვითარებული მოვლენების ფონზე მიმოიხილეს სტუდენტური მოძრაობის მიმდინარეობები და შედეგები. მათ პარალელი გაავლეს საფრანგეთისა და გერმანიის სტუდენტურ მოძრაობასთან, იმ ტალღასთან, რომელიც თან ახლავს ხოლმე სტუდენტების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებს.
გიორგი მაისურაძის თქმით, აკადემიური სივრცე ეს ის ადგილია, სადაც არაკომპეტენტური ადამიანები არ უნდა სარგებლობდნენ მაგისტრებისა და დოქტორების წოდებით, საჭიროა, შემოწმდეს, რა ცოდნის მატარებელია თითოეული მათგანი.
"თსუ არის პატარა მოდელი საქართველოსი, ის არის ექსპერიმენტების ლაბორატორია და იქ მიმდინარე პროცესები ძალიან დაემსგავსა სახელისუფლებო არჩევნებს. ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა, როცა ყოფილი ჩინოვნიკები უნივერსიტეტის სათავეში მოდიოდნენ, დღეს კი ყოფილ მინისტრებს სურთ ლექტორობა, ამის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ისევ სტუდენტები უნდა წავიდნენ, და არა მხოლოდ თსუ-ს სტუდენტები" - აღნიშნა ილიაუნის პროფესორმა გიორგი მაისურაძემ.
ლიკა ღლონტის თქმით, თსუ-ში მიმდინარე ეს მოვლენები და "აუდიტორია 115" ერთგვარი გამოფხიზლება უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში უკუშედეგებზე ორიენტირებული.
"რაც ახლა თსუ-ში ხდება, კარგია, ჩვენ არ უნდა შევუშალოთ ხელი ამ პროცესებსა და ტალღას, ეს დასაბამია უკეთესი საგანმანათლებლო სისტემისა, ასეთი გზებით შესაძლოა მივაღწიოთ იმას, რომ გვქონდეს ერთი ძლიერი უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის დონეზე" - განაცხადა ნეირომეცნიერებათა დოქტორმა ლიკა ღლონტმა.
მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, ძირითადი განხილვის თემები იყო: თუ რა ზეგავლენა აქვს სტუდენტურ მოძრაობას უნივერსიტეტის შიდა აკადემიურ პროცესებზე? რა როლს თამაშობს იგი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში? როგორია საერთაშორისო და ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის გამოცდილება ამ კუთხით?
მომხსენებლების აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივბაძოთ სხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტების მაგალითებს, რადგან ეს არ გაამართლებს, მათი თქმით, სხვა საგანმანათლებლო სივრეცეების სტრუქტურის კოპირება და დანერგვა სარგებელს არ მოიტანს. საჭიროა კონკრეტულ უნივერსიტეტზე შემუშავებული და მორგებული ხერხების დამკვიდრება. მათი აზრით, სწორედ ეს ცვლილებები მიმდინარეობს ახლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.