ახალგაზრდული ორგანიზაციის "გაუზიარე ბედნიერება სხვას" წარმომადგენლებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს.
ორგანიზატორები იყვნენ თიკა ნოზაძე და ნინი კიკვაძე. ღონისძიების მიზანი იყო ორი მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება. ახალგაზრდები გაჭირვებულ ოჯახებს ტანსაცმლითა და საკვებით ეხმარებიან.
ნინი კიკვაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მათი ორგანიზაციისთვის ეს ღონისძიება პირველია: ,,ეს აქცია პირველია ჩვენი ორგანიზაციისთვის, თუმცა, არა ჩვენთვის - ორგანიზატორებისთვის. დღეს გავერთიანდით, რათა დავეხმაროთ გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს. ეს აქცია არ იქნებოდა ასეთი კარგი, რომ არა ვენდისი, skylantern.ge და სკოლა-ლიცეუმი ცოდნა".
თიკა ნოზაძის თქმით, საზოგადოებისათვის პრიორიტეტი უნდა იყოს იმ ადამიანთა დახმარება, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ:
,,ჩვენი ორგანიზაცია არის ახალი ჩამოყალიბებული და მისი მიზანია იმ ადამიანების დახმარება, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენი აზრით, ის საზოგადოებაა სრულყოფილი, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ასეთი ადამიანების დახმარება, ამიტომ გავერთიანდით ახალგაზრდები და ვცდილობთ, ერთმანეთს გავუზიართ ბედნიერება".
აქციაში ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ისინი სხვადასხვა ნომერს ასრულებდნენ. ჩვენ ვესაუბრეთ კოკა კობალაძეს, რომელმაც ლექსი წაიკითხა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანია:
"ამ აქციაში იმიტომ ვმონაწილეობ, რომ მიხარია სიკეთის კეთება, რაც მეტი სიკეთე გაკეთდება, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვისაც და ინდივიდუალურად ადამიანებისთვისაც. გავაგრძელებთ აუცილებლად განვითარებას, იმედი მაქვს, უფრო მასშტაბური სახე მიეცემა ამ საქველმოქმედო ღონისძიებებს".