თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და "ტანგო აკადემია თბილისის" ორგანიზებით ,,ტანგოს ფესტივალი 2016" გაიმართა.
ფესტივალს კონკურსის ფორმატი ჰქონდა, ერთმანეთს 10 წყვილი შეეჯიბრა და ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული. პირველ ადგილი სალომე კანდელაკმა და გიორგი საღინაძემ დაიკავეს, მეორე - ნიკა ავალიანმა და ანუკა ჯურხაძემ, ხოლო მესამე - ლუკა მირუაშვილმა და მარიამ მანდარიამ.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი არგენტინული სოციალური ტანგოს მოცეკვავე თეკლა გოგრიჭიანი იყო. მისი თქმით, ფესტივალის მიზანი იყო ახალგაზრდების დაინტერესება არგენტინული სოციალური ტანგოთი. ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში ფესტივალში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ჩართვა იგეგმება:
,,მიიჩნევენ, რომ სოციალური ტანგო 30 წელს ზემოთ ადამიანებზეა გათვლილი, თუმცა, მინდოდა, სტუდენტური თაობა დაინტერესებულიყო არგენტინული სოციალური ტანგოთი და ვფიქრობ, რომ ღონისძიების ეს ფორმატი ამისთვის საუკეთესო საშუალება იყო. ფესტივალის იდეამ გაამართლა და ნამდვილად მივიწევთ ნელ-ნელა იმ მიზნისაკენ, რაც იყო რეალურად ამ ფესტივალის მაპროვოციერებელი. ძალიან დიდია სტუდენტთა დაინტერესება სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, უახლოეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მოვიცავთ საქართველოს ყველა უნივერსიტეტს".
თეკლა გოგრიჭიანმა ჩვენთან ასევე ისაუბრა გამარჯვებულების შესახებ:
,,სამივე წყვილი ძალიან განსხვავებული და საინტერესო იყო. მიხარია, რომ სამეულში სამი განსხვავებული ხასიათის, ემოციისა და შესაძლებლობის წყვილი მოხვდა. ვფიქრობ, რომ ჟიური სამართლიანი იყო".
დამსწრე საზოგადოებისათვის ფესტივალი ემოციებით სავსე აღმოჩნდა:
,,საოცარი შეგრძნების ზეიმი იყო, ცეკვის, ხელოვნების, სილამაზის, სექსუალურობის, ინტიმის, აღფრთოვანებული ვარ ბავშვების მონდომებით. ტანგო შინაგანი მეს გამოძახილია, თითოეული ცეკვა პატარა ისტორია იყო, ვფიქრობ, პროგრამამ გაამართლა, ცეკვის დღესასწაულის მომსწრეები ვიყავით" - აღნიშნა თსსუ-ს მეხუთე კურსის სტუდენტმა თაკო წიკლაურმა.
,,ამ ფესტივალზე პირველად ვიყავი, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ტარდება. მოცეკვავეების ემოცია მეც გადმომედო. ფესტივალი მაღალ დონეზე იყო დაგეგმილი, ეს ცეკვაშიც გამოიხატებოდა. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ეს ცეკვა ასე მცირე დროში სხვადასხვა პროფესიის სტუდენტებმა დაამუშავეს. სუბიექტური ვიქნები და განსაკუთრებით გამიხარდა ჩემი უნივერსიტეტის სტუდენტების პირველ ადგილზე გასვლა. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტია" - გვითხრა თსსუ-ს პირველი კურსის სტუდენტმა ანანო შალუტაშვილმა.